მნიშვნელოვანისიახლეები

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს დამფუძნებელსა და დირექტორს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ – სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.

სისხლის სამართლის საქმე პროევროპული აქციების 45 მონაწილის წინააღმდეგ არის აღძრული, მათგან 40-ზე მეტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) – ხელისუფლების მიმართ ლოიალურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ არტყამს სილას მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა. „ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, – წერია განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
„მე არ ვაფასებ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან ამ საფრთხესთან მიმართებით მე ვიზიარებ დაცვის მხარის პოზიციას, რომ ამ კუთხით დაცვის მხარის მხრიდან რაც არგუმენტები იყო მითითებული, ნამდვილად ვერ საბუთდება ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხედ, თუმცა მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. სასამართლომ დაადგინა, რომ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს პატიმრობა. მზია ამაღლობელის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. ბრალდებული მოთავსებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. წინასასამართლო სხდომა დაინიშნოს 2025 წლის 4 მარტს, 11:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა მოსამართლემ.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, პაატა დიასამიძის განცხადებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გამოიყენა, რისი საფუძველიც ფაქტობრივად არ არსებობდა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაცვის უფლება დარღვეული ჰქონდა და ის მასთნ შეხვედრას ვერ ახერხებდა.

“შეეფარდა ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, რისი გამოყენების საფუძველი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც მისი დაცვის უფლება დარღვეული იყო. დაცვის უფლება დარღვეული ჰქონდა, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში. იქ ვიყავი მისი ადვოკატი და შეხვედრა ვერ ხდებოდა. შევთავაზეთ და უძრავი ქონების შეფასებაც გვქონდა წარმოდგენილი და 100 ათასს ვთავაზობდით გირაოს სახით, ქონება 130 ათასამდე იყო”, – განაცხადა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატომრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტისთვის ჩაინიშნა.

48-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button