მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინაწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე იქნება შესაძლებელი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, კოვიდ-ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვიზიტორს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება. მომსახურების სივრცეში თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მომხმარებელი მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე, წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული.

პრევენციის მიზნით, კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს.

წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი.

“დღეისთვის იუსტიციის სახლის შენობა სრულად დეზინფიცირებულია. მომსახურების დარბაზები, მაგიდებისა და სხვა ავეჯის ზედაპირები, ასევე შენობის 17-ვე სართულზე არსებული სამუშაო ფართები, სრულად დამუშავებულია სპეციალური ხსნარებით.

ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდ-ინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 14 სექტემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო.” – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

შეგახსენებთ, ბათუმის იუსტიციის სახლი მას შემდეგ დაიხურა, რაც ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button