რეგიონი

კახეთის რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე არ აღნიშნეს

კახეთის რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე არ აღნიშნეს.
ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 83 წლისთავის პატივსაცემად, მუნიციპალიტეტებმა არცერთი ღონისძიება არ დაგეგმეს.

მერიის ოფიციალურ გვერდებზე, მხოლოდ საქართველოს მთავრობის გვერდიდან გადატანილი განცხადებაა, რომელშიც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმსა და ზვიად გამსახურდიას შეეხება.
რატომ არ აღინიშნა საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის დაბადების დღე, მუნიციპალიტეტებში განმარტებას არ აკეთებენ.

ზედიზედ მეორე წელია, რაც რეგიონში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს მცირე ღონისძიებითაც არ აღნიშნავენ.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდია, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ კი პრეზიდენტად, 1991 წელს აირჩიეს.

იმავე წლის 31 მარტს, გამსახურდიამ, რეფერენდუმი ჩაატარა, რომლის საფუძველზეც, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რეფერენდუმის შედეგები მაშინვე ლეგიტიმურად ცნო ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავდა.

პრეზიდენტის თანამდებობა ზვიად გამსახურდიას 1992 წლის სამხედრო გადატრიალებამდე ეკავა.

1993 წლის 31 დეკემბერს ქვეყნიდან დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოში, სოფელ ხიბულაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button