მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღებამდე, მასშტაბური შეკრება შესთავაზა. მისი თქმით, 1-საათიან შეკრებაზე არ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შესაძლოა, ისმოდეს მხოლოდ მუსიკა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 16 ივნისს უნდა შეიკრიბოს ყველა, როგორც რიგითი მოქალაქე იმის ნიშნად, რომ „ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ. პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ასევე, 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა მოვა, როგორც რიგით მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ, იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. მან ასევე 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა”.

„ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16 ივნისს, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე ევროკავშირის წვერი ქვეყნების ელჩებს, რომ შემოგვიერთდნენ. ვთხოვთ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებული მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და ყველა სხვა დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცავებს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული, რათა ექსცესები გამოირიცხოს. მივმართავ ასევე 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა “ქართული ოცნების” მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მოლოდინში წარმოებული პოლიტიკის გამო.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების – „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) – შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.

“ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში… თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი აზრით, ძალიან მძიმე იქნება, თუკი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია ჩავარდება.

„ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ზოგადად, აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე… მათ შორის [იგულისხმება] ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული და ა.შ. ანუ არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე ერთპიროვნულად, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. არა მხოლოდ ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როდესაც იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც, ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული“, – თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე შეაფასა პრეზიდენტის ბრიფინგის დანარჩენი ნაწილი.

„ბრიფინგს რაც შეეხება, სამწუხაროდ, იყო ძალიან სუსტი ანალიზი წარმოდგენილი. ეს სისუსტე ანალიზის შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის კულისებში წარიმართება, მათ შორის შარშან, 19 აპრილის შეთანხმების გარშემო და მის შემდეგ; უკრაინაში ომის გარშემო; თუმცა ის სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას არ იღებდა. შეხვედრები გვქონდა, თუმცა მას არ ჰქონდა ის რეაქცია, რაც უნდა ჰქონოდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა ბევრი საჯარო ფაქტი მხედველობაში არ მიიღო. „ბევრი რამ არ იცის, რაც ხდება პოლიტიკაში“, – შენიშნა დეპუტატმა.

ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ „სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის [ევროპარლამენტში] მიღების მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა. ეს იმდენად ღიმილისმომგვრელია…“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აქ [ევროპარლამენტში] მოქმედებდა გარკვეული ლობი. დეტალებში არ შევალ. ამაზე ლაპარაკი არ ივარგებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button