მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და 38 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტროიცკოეს საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს 100-მდე მოკლული რუსი სამხედრო. გენშტაბი, როგორც წესი, არ ასაჯაროებს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაკარგებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 171 160 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 26 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3595
ჯავშანტექნიკა – 6953
საარტილერიო სისტემა – 2638
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 523
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 277
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 291
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2216
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5493
სპეცტექნიკა – 285
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button