“ბორჯღალოსნებმა” მატჩისთვის მზადება დაიწყეს

გლოსთერში არგენტინასთან მატჩის შემდეგ “ბორჯღალოსნები” კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში დაბინავდნენ, სადაც C ჯგუფის მესამე მატჩისთვის გააგრძელებენ მზადებას.
არგენტინასთან მატჩის შემდეგ “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში მეცამეტედან ორი პოზიციით დაბლა, მეთხუთმეტე ადგილზე გადავიდნენ.
2 ოქტომბერს, მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში, “ბორჯღალოსნები” მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ “მილენიუმ სთედიუმზე” შეხვდებიან. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
პარასკევს, მგზავრობის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ორი დღით დაასვენა და ეს პერიოდი აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმეს.
“არგენტინის შემდეგ აღდგენას ორი სრული დღე დავუთმეთ და ვარჯიშს დღეიდან ვანახლებთ. ცხადია “ოლ ბლექსთან” მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით, მოთამაშეებისთვის, რადგან პირველად ვხვდებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდს”, – ნიუპორტში ჩასვლისას განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
ბიჭები ფორმაში არიან და საბედნიეროდ, ბოლო მატჩისას ტრავმა არავის მიუღია.
“ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ტრავმებიც არავის აქვს. იმედით ვუყურებთ ამ თამაშს.
ნებისმიერი მოთამაშისთვის და განსაკუთრებით, ჩვენთვის დიდი პატივია და ოცნება იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ჯერ არავინ ვიცით, “ოლ ბლექსთან” როგორი შემადგენლობა დასახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მოხარული იქნება.
ალბათ, კარგი თამაში გამოვა. ვეცდებით, სანახაობრივად, ხელით ვითამაშოთ და შევუტიოთ, რადგან ზელანდიას რომ ბურთი მისცე, დაცვა ბევრად რთული იქნება მათ წინააღმდეგ”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.