ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩაცხრილვა თელავში – რა ვერსიებია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევისათვის, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურსა და მის ნათესავს, ჯაბა ჯანგირაშვილს, ბრალს ხვალ წაუყენებენ.

სანამ პროკურატურა საბრალდებო დასკვნაზე მუშაობს, წინანდალში მომხდარი შემთხვევის რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

ვერსიები მკვლელობის შესახებ

ერთი ვერსიით, კონფლიქტი სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო-კოტეჯების, ასევე, ღვინის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება და საქმის გასარჩევად, წინანდალში, ზურაბ ზვიადაური, ჯაბა ჯანგირაშვილთან ერთად იყო ჩასული.ამ ვერსიაზე დაყრდნობით, სასტუმროსა და ღვინის ქარხნის მშენებლობაში, ზურაბ ზვიადაური ოჯახით იყო ჩართული. გარჩევას დაპირისპირება მოჰყვა, რომლის შედეგადაც, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

მეორე ვერსიით, დაპირისპირება მეზობლად მიმდინარე ორ მშენებლობაზე მომუშავე პირებს შორის დაიწყო და ზვიადაურები, იქ მეგობრების დასახმარებლად ჩავიდნენ. თავდაპირველად, ადგილზე ზვიად ზვიადაური და ვასილ ცოცხალაშვილი იმყოფებოდნენ, რომლებსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელმა, ნიკა კენჭოშვილმა ესროლა.ამის შემდეგ, ადგილზე ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი მივიდნენ. დაჭრილი ძმის დანახვაზე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით, კენჭოშვილს ესროლა, რომელიც მძიმედ დაიჭრა.

კიდევ ერთი ვერსიით, ნიკა კენჭოშვილს, რომელიც წყალტუბოდან არის და წინანდალში სამშენებლო პროცესს ხელმძღვანელობდა, შესრულებული სამუშაოს შესაბამისი საფასური არ გადაუხადეს, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ანგარიში ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორეს. ამავე ვერსიით, ზურაბ ზვიადაური, ძმის დაჭრას არ შესწრებია, შემთხვევის ადგილზე, ის მოგვიანებით მივიდა და ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან, კენჭოშვილს ესროლა.

რა ვერსია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს

გამოძიება ამტკიცებს, რომ 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირებისას, 44 წლის ვასილ ცოცხალაშვილმა, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 26 წლის ნიკა კენჭოშვილის მხრიდან, საპასუხო სროლა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოჰყვა.მისგან განხორციელებული სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური, მძიმედ დაიჭრნენ და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.

დაიჭრა კიდევ ორი პირი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება სტაციონარში აღმოუჩინეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმაც, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზურაბ ზვიადაური

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას” ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

როგორ აღმოჩნდა დაცხრილული ავტომანქანა თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში
ვერცხლისფერი, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული, სისხლიანი ჯიპი, რომელიც თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში იდგა, გარდაცვლილ ნიკა კენჭოშვილს ეკუთვნოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში, საკუთარი ავტომანქანით გადაიყვანეს.უკვე გარდაცვლილი ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური, საავადმყოფოში თავად ყოფილმა დეპუტატმა, ზურაბ ზვიადაურმა, საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა.

რეფერალური ჰოსპოიტალის ეზოში მყოფი თვითმხილველები, ოლიმპიური ჩემპიონის მძიმე ემოციურ მდგომარეობას აღწერენ.

“ზვიადაური აქ იყო, ტიროდა და თავს რამის კედლებს ურტყამდა. სამივე გარდაცვლილი იყო. მიცვალებულების განსათავსებელ ოთახში, ადგილიც კი აღარ იყო, რომ ის საწყლები გადაესვენებინათ. დაცხრილულ მანქანას, პოლიცია ფეხდაფეხ მოჰყვა”- ყვება თვითმხილველი.

გარდაცვლილი ზვიად ზვიადაური ახმეტაში უკვე გადაასვენეს. ახმეტაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული, ვასილ ცოცხლაშვილიც, რომელიც ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.
ზვიადაურებსა და ცოცხალაშვილებს, ერთმანეთთან წლების მეგობრობა აკავშირებთ.

ზურაბ ზვიადაური, მეგობრობდა კანონიერ ქურდთან, სერგო ცოცხალაშვილთანაც, რომელიც ამჟამად, პეტერბურგში ცხოვრობს.მისი მიწვევით, ყოფილი დეპუტატი, 2018 წელს, რუსეთშიც იმყოფებოდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა დაწყებული და სპორტსმენი ზურაბ ზვიადაური, დაკავებულია.სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წაუყენებენ ბრალს, ჯაბა ჯანგირაშვილს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ორივე დაკავებული კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებულების ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური საზოგადოებას საკუთარ პოზიციას, ბრალის წარდგენის შემდეგ გააცნობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი, ჰერეთის კორესპონდენტი, თელავი.

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

მსგავსი პოსტები

Back to top button