მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – 20 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1 010-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7 068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 242.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 436 ადამიანს დაუდგინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 216 327-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 9 197 პაციენტი გარდაიცვალა, 197 900 კი, გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 182 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 240 804 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 844 ადამიანი, 223 759-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.

თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 572 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 035 422 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 049 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა. 308 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 568 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 490 ადამიანი.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 935 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 044 864-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში “კოვიდ 19”-ს კიდევ 515 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 162 938-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 20 026 186 შემთხვევაა დადასტურებული; 734 020 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 900 661 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button