მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – აშშ, ჩინეთი, ბრაზილია, უკრაინა

აშშ-ში კორონავირუსის 24 219 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ CNN “ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 137 707-მდე გაიზარდა. გამოცემის ცნობით, აშშ-ში COVID19-ს კიდევ 840 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 116 962-ს მიაღწია.

ამ დროისთვის, კოვიდინფექცია აშშ-ის 50 შტატში ფიქსირდება.

 

პეკინის ორ საერთაშორისო აეროპორტში 1 255 ავიარეისი გადაიდო. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში ვითარების გაუარესება გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 ივნისს პეკინის ხელისუფლებამ აგრარულ ბაზარში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო, ქალაქიდან გასვლა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს და კორონავირუსით ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ. შეჩერებულია საქალაქთაშორისო რეისები ჰებეისა და შანდუნის პროვინციების მიმართულებით.

გზები და მაგისტრალები ჯერჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონე გამოაცხადა. დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები.

რამდენიმე პროვინციაში პეკინიდან ჩამოსულთათვის შეზღუდვები დაწესდა. მაგალითად, შანხაის პროვინციაში პეკინიდან ჩასულები 14-დღიან კარანტინს გადიან.

ცნობისათვის, პეკინში კორონავირუსის დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ე.წ. „ბაზრის კლასტერს“ უკავშირდება.

11 ივნისის შემდეგ პეკინში კორონავირუსის 106 შემთხვევა, მათ შორის, ბოლო დღე-ღამეში 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 918 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 923 189-მდე გაიზარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსს 1 282 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 45 241-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას აშშ-ის შემდეგ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 758 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უკრაინაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 33 234 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 943-მდე გაზარდა.

17 ივნისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8,1 მილიონი ადამიანი შეადგინა. სტატისტიკა ენტონი ჰოპკინსის ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. პანდემიას 188 ქვეყანა ებრძვის.

სულ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID19-ით 8 162 276 ადამიანია ინფიცირებული. 24 საათში მსოფლიოში კიდევ 143 500 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის პერიოდში დაიღუპა 441 668 კოვიდინფიცირებული და 3,94 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით, ყველაზე მეტად, აშშ დაზარალდა (2,1 მილიონი ინფიცირებული); მეორეა ბრაზილია, სადაც კორონავირუსი 923 100 ადამიანს დაუდასტურდა; მესამე პოზიციაზეა რუსეთი 545 400 კოვიდინფიცირებულით.

მსგავსი პოსტები

Back to top button