COVID-19 – გაზრდილი მაჩვენებლები და რეკომენდაციები
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 278-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1 058-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7 718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 245 პირი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასატურდა, რაც წინა დღესთან შედარებით, ორმაგი რაოდენობაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ყოველდღე, დაახლოებით, 25 ახალი კლასტერი გვაქვს, როცა სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 5 იყო.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საფრანგეთში 5 000-ზე მეტის პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებებს ასევე დაავალა, რომ პირბადეების საჯარო სივრცეებში გამოყენების ვალდებულება კიდევ უფრო გაახანგრძლივონ.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან, საფრანგეთში კორონავირუსის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 30 000-ს აჭარბებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 183 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 185 კი, გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ ინფიცრებულთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 243 180 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 873 ადამიანი, 226 155-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.
თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მეორე ტალღა. ვშიშობ, გვექნება ეპიდემიის აფეთქებები.” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 312 789 შემთხვევა დადასტურდა.
ლიბანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში ვირუსი 300-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
24 საათის განმავლობაში, ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა.
სააგენტო მაჩვენებლების მკვეთრ მატებას იმ საპროტესტო ტალღას უკავშირების, რომელიც ბეირუთში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსი, ჯამში, 7 121 ადამიანს დაუდასტურდა, 87 ინფიცირებული კი, COVID-19-ს ემსხვერპლა.
„ბეირუთში არსებულმა საგანგებო სიტუაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შერბილება გამოიწვია. ამან გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და, მომდევნო კვირების განმავლობაში, მაჩვენებლები კიდევ უფრო მოიმატებს.“ – ვკითხულობთ გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) 10 აგვისტოს ანგარიშში.
ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა და ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 200-მდე ადამიანი. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები მომხდარს აპროტესტებდნენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. 10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა გადადგა.
ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდნობა 3 109 630-ს გაუტოლდა. ამ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გასულ 24 საათში, ბრაზილიაში COVID-19-ს კიდევ 1 274 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 103 026-ს მიაღწია.
კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.
„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს.” – განაცხადა ფაუჩიმ ABC News-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ თუკი და როდესაც ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები. „რუსული ვაქცინის შემქმნელებს კი, ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.“
შეგახენებთ, გუშინ რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა – „სპუტნიკ -V” ოფიციალურად დაამტკიცა.
ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 897 599 შემთხვევაა დადასტურებული; 15 131 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 703 175 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ სტომატოლოგთან ვიზიტები უნდა გადაიდოს მანამ, სანამ COVID-19 კონტროლს არ დაექვემდებარება.
„პირის ღრუს შემოწმება, კბილის წმენდა და სხვა პრევენციული მკურნალობა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ არ მოხდება ვირუსის გადაცემის შემცირება, რადგან სტომატოლოგები პაციენტებთან სიახლოვეში მუშაობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ისინი SARS-COV-2-ით დაინფიცირების ან პაციენტებისთვის ვირუსის გადადების მაღალი რისკის ქვეშ არიან.” – ნათქვამია ჯანმოს რეკომენდაციაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისი გადაუდებელ შემთხვევებში უნდა გაკეთდეს, ხოლო პერსონალი სამედიცინო პირბადეს მუდმივად უნდა ატარებდეს.
მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ახალი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, 7 მილიონი პოსტი წაშალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სოციალურმა ქსელმა, რომელსაც დეზინფორმაციის შემცველი პოსტების გავრცელებაზე რეაგირების ნაკლებობის გამო, ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებენ, მომხმარებლებს აუკრძალა ისეთი ინფორმაციის მათ პლატფორმაზე გავრცელება, როგორიცაა მაგალითად, „სოციალური დისტანცია არ მუშაობს“.
6 აგვისტოს, კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, Facebook-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტიც წაშალა. წაშლილი პოსტი ტრამპის ინტერვიუს ბმულს შეიცავდა, სადაც პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რომ აშშ-ში სკოლების გახსნისა და გაკვეთილების კლასებში ჩატარების მომხრეა, რადგან მისი აზრით, ბავშვებს კორონავირუსისგან „თითქმის სრული იმუნიტეტი აქვთ“. ეს კი, არც ერთი კვლევით არ დასტურდება.
worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 305 957 შემთხვევაა დადასტურებული. 167 749 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 755 608 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
იმავე მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 20 528 680 ადამიანს დაუდასტურდა, 746 000 პირი გარდაიცვალა, ხოლო 13 449 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა.