მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

COVID-19 – 87 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1 354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დღესვე, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ადგილზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ბაზაზე ერთ- ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება „რუსთავის კლასტერს“ უკავშირდება.

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან. რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ დანარჩენ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 85 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, COVID-19-ის დიაგნოზით, 53 ადამიანი მკურნალობს. აქედან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 11-ის საშუალო სიმძიმისაა. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 572-ს შეადგენს. მათგან 164 გამოჯანმრთელდა, 6 კი, გარდაიცვალა.

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

BBC-ის ინფორმაციით, დღეს მინისტრებისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მოიმატა იმ პაციენტების რაოდენობამაც, რომლებსაც რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით, საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ 19-ს დღემდე 30 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 71 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 554 143 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 29 699 ადამიანი გარდაიცვალა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 28 329 822 შემთხვევაა დადასტურებული; 913 931 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 345 796 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button