COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7 071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 294.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 105 მოქალაქეს ჩაუტარდა, ვირუსი 2 მოქალაქეს დაუდასტურდა.“- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 109 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი, – გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 178 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა, ათასს, ზედიზედ უკვე მეორე დღეა აჭარბებს.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 236 112 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 784 ადამიანი, 219 506-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.
თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 388 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 4 823 890 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 158 250 ადამიანი გარდაიცვალა.
რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1 045 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი, 213 067-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 9 175 პაციენტი გარდაიცვალა, 196 100 კი, გამოჯანმრთელდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
პანდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 192 000 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 30 305 ადამიანი გარდაიცვალა.
worldometers.info-ს მიხედვით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 18 981 548 ადამიანი დაინფიცირდა. 711 301 პირი გარდაიცვალა, ხოლო 12 173 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა.