მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

გერმანიაში, გიუტერსლოჰში, კორონავირუსი ხორცის დამამუშავებელი ერთ-ერთი საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს დაუდასტურდა. – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კორონავირუსზე ტესტი, ჯერჯერობით, საწარმოს 1 000-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. ახალი კლასტერის გამო, ათასობით ადამიანი კარანტინში იმყოფება. რეგიონში სკოლები და ბაღები დროებით დაიხურა.

worldometers.info-ს ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 190 179 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 8 927-ია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსი 580 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირებული 26 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

სომხეთში, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 665 შემთხვევა დაფიქსირდა. – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ში წერს.

„24 საათის განმავლობაში, 665 ახალი ინფიცირებული გვყავს, ადამიანები კი, კვლავ პირბადეების გარეშე დადიან. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?“ – განაცხადა პრემიერმა.

საერთო ჯამში, worldometers.info-ს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 18 033 შემთხვევა დაფიქსირდა, 6 814 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 302 კი, გარდაიცვალა.

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 755 ადამიანი გარდაიცვალა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსს 117 717 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 25 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რამაც კორონავირუსით ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 2 163 290-მდე გაზარდა.

პერუში კორონავირუსის 240 908 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 7 257-ია. – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, პერუმ იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, პერუ ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საზღვრები ჩაკეტა. რაც შეეხება იტალიას, ის კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთ ყველაზე ძალიან დაზარალებულ ქვეყანად ითვლება. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, იტალია რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში პირველ პოზიციაზე იდგა.

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 32 188 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 955 377-მდე გაიზარდა. – შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 269 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 46 510-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 8 408 869 შემთხვევაა დადასტურებული; 451 472 ადამიანი გარდაიცვალა; 4 418 788 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button