მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

ესპანეთის ხელისუფლება მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს, მისცემენ თუ არა ქვეყანაში შესვლის უფლებას იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან არ არიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილა აცხადებს, მთავრობა ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, მიიღებს თუ არა მსოფლიოში ტურისტებისთვის რიგით მეორე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ევროპის საზღვრებს მიღმა არსებული ქვეყნების მოქალაქეებს.

მან ასევე განმარტა, რომ ქვეყნის რამდენიმე დასახლებაში კორონავირუსის ახალი, მცირე ტალღები გამოვლინდა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

worldometers.info-ს ცნობით, ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 293 352-ია. ვირუსს 28 323 ადამიანი ემსხვერპლა.

21 ივნისს, 3-თვიანი კარანტინის შემდეგ, ესპანეთში საგანაგებო მდგომარეობა გაუქმდა და ქვეყანამ საერთაშორისო ტურისტების მიღება განაახლა.

ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა.

worldometers.info-ს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 086 990-ს მიაღწია.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 537 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი, 190 359-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 8 785 პაციენტი გარდაიცვალა, 175 300 კი, გამოჯანმრთელდა.

22 ივნისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 7 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 592 280-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 95 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი, 8 206-ს აღწევს. ამასთან. 344 416 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 681 შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 37 241 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი, 16 642-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.

უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

აზერბაიჯანში კიდევ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 491 ადამიანს კი, ვირუსი დაუდგინდა.

ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 12 729 შემთხვევაა აღრიცხული, 154 ადამიანი გარდაიცვალა, 6 799-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.

აზერბაიჯნში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 4 950-ს აღწევს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 412-ით, რეკორდულად გაიზარდა და ახლა 160 240-ს აღწევს.

თურქეთში ინფიცირების 187 685 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით, მსოფლიოში აშშ და ბრაზილია ლიდერობენ. აშშ-ში კორონავირუსის 2 356 715 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 122 248 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა და 9 067 806-ს მიაღწია. შესაბამის მონაცემებს worldometers.info აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან დაღუპულთა რაოდენობამ 471 040-ს მიაღწია, ვირუსისგან კი, დღემდე 4 850 718 ადამიანი განიკურნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 183 000 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 60%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button