COVID-19 – სტატისტიკა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 461 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა.
„როიტერსი“ წერს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით მატულობს. უკანასკნელი 11 დღის მანძილზე კი, ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა.
ცნობისათვის, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც იტალიამ 31 იანვარს გამოაცხადა, მთავრობას სპეციალურ ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც მას, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, გარკვეული შეზღუდვების დაწესება და დამატებით რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა შეუძლია.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 246 776 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან დაღუპულია 35 129 ადამიანი.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
პანდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 185 196 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 30 238 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 153 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 6 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
worldometers.info-ს მიხედვით, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 329 721 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 28 441 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. worldometers-ის ინფორმაციით, სულ დაინფიცირებულია 17 195 721 ადამიანი, ხოლო მათგან 670 322 გარდაიცვალა.
კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 10 706 687 პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 5,8 მილიონს აჭარბებს.
დაავადებულთა რაოდენობით, პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,5 მილიონზე მეტი დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2 555 518 მილიონი ადამიანია კოვიდ-19-ით დაავადებული, მესამე ადგილზე კი, ინდოეთია 1 587 982 ინფიცირებულით.