მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაკარგული შემოსავლის კომპენსაცია და საგადასახადო შეღავათები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა დეტალურად განმარტა, თუ რა შემთხვევაში მიიღებენ თვითდასაქმებული პირები 300 ლარიან ერთჯერად ანაზღაურებას, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული განმარტებები ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ დოკუმენტად კი, გადასახადის გადამხდელთა რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და საბანკო ამონაწერები შეიძლება ჩაითვალოს.

„თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინოს შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოსავლის წყაროს დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. მაგალითად, როგორიც არის შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თუ ფიზიკურ პირებს მათთან რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, დოკუმენტებში ისინი აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ. ამ დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელი იქნება იმისათვის, რომ მოხდეს მათი შემოსავლების იდენტიფიცირება. ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერებიც, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

​თვითდასაქმებულებისათვის კომპენსაციიის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, რომლის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა. ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ისე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მიმდინარე წლის მაისიდან კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოში დამქირავებელი წარადგენს.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200-ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნისთვის, დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე (საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად) ელექტრონულად, გადამხდელის პირადი ვებგვერდის მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ერთხელ მაინც აქვს გაცემული ხელფასი 2020 წლის პირველ კვარტალში და აღარ გაუცია წინა თვეში.

დამქირავებელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს შემდეგ ინფორმაციას:

· დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

· დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები;

· დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი).

ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოამზადებს საკომპენსაციო პირთა ერთიან ბაზას და გაუგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა პირის საბანკო ანგარიშზე. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი.

დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში დაქირავებით მიიღებენ შეღავათს საშემოსავლო გადასახადში.

ხუციშვილმა განმარტა, რომ თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში, მათი ხელფასი არ აღემატება თვეში 1500 ლარს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button