მნიშვნელოვანისიახლეები

დაპირისპირება ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნებამდე 3 დღით ადრე

3 დღე არჩევნებამდე და ისევ დაპირისპირება ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობაში” – ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი პარტიაში პარტიას ქმნიდა, ისე რომ თავად მელიამ არაფერი იცოდა.

“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან და დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი დაწყებული არ არის. “დავინახე ხელშესახები საფრთხე არაფორმალური გავლენების, ძალიან დიდი დოზით. მერე მერაბიშვილის და კეზერაშვილის გზები გადაიკვეთა და მათი კანდიდატია ხაბეიშვილი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. დავინახე ხელშესახები ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიის არა გაძლიერებას, არამედ დასუსტებას,” – ამბობს ნიკა მელია.

მელიას ფლანგი თავმჯდომარის მხარდაჭერას მისსავე განცხადებებში ეჭვის შეტანის საფუძვლის არარსებობით ხსნის.

“საჯარო პოლიტიკა მოითხოვს, რომ თუ ვინმე ვინმეს უკან დგას, მას მხარს უჭერს, ეს სჯობს ღიად გაცხადდეს და ამ ადამიანებმა თავი დააფიქსირონ უკვე ღია პოლიტიკურ პროცესებში. რატომ ვარ მე ნიკა მელიას მხარდამჭერი? იმიტომ, რომ მის განცხადებებში დარწმუნებული ვარ, ის აკონკრეტებს და ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ რასაც ის ყვებოდა, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი უბრალოდ არ მაქვს,” – აცხადებს პარტიის წევრი ნინო კვიტაიშვილი.

პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩევნების პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდება ეფექტურად, რამაც შესაძლოა პირების გაცხრილვის პროცესი გაართულოს.

“ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდება ეფექტურად, რაც ართულებს ადამიანების გაცხრილვას, ეს არის მთავარი პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტი ისეთი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში, რომლებსაც აქვთ არა კეთილი სურვილები პარტიასთან მიმართებაში, არამედ გარკვეული მავნე ზემოქმედება სურთ. მმართველი მენეჯერს პარტიისთვის უნდა შემოეთავაზებინა ისეთი გეგმა, რომელიც დაამტკიცა პოლიტსაბჭოზე, მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ ვერ სრულდება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა აქვს ამ მომენტისთვის პარტიის მმართველ მენეჯერს,” – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს ენმ-ს არჩევნებში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ დესტრუქციული ძალის “ნაცმოძრაობის” არსებობა უნდა დასრულდეს.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ არჩევნებში გამარჯვებული იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში უნდა იყოს გამარჯვებული ჩვენი ქვეყანა იმით, რომ დესტრუქციული ოპოზიციური ძალა “ნაციონალური მოძრაობის” სახით საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში, მათი ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და არსებობა უნდა შეწყდეს საქართველოში და ეს დესტრუქციული ველი უნდა დაიკავონ პოზიტიურებმა, საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველმა და მოამაგე ისეთმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც შესაძლოა თუნდაც არ იყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილნი, იყვნენ ოპოზიციური ძალა, მაგრამ იყვნენ კონსტრუქციული და პოზიციური და არ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩაბმას, ქვეყანაში ცეცხლის დანთებას და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით წინსვლას,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა ვერ იქნება, ვინაიდან პარტია არის მიხეილ სააკაშვილის და მასში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული.

“არაფორმალური მმართველობის შესახებ მოარული ჭორები არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები. ის, რომ ანტიკორუფციული მოძრაობა შექმნილი იყო, ეს იყო პარტიის სტრატეგია. ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციული მდივანი და შესაბამისად ჩამოაყალიბებდა მოძრაობასაც და ყველა ექსპერტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას გააერთიანებდა იმისთვის, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონოდა თემები და სტრატეგია, და ამაში რა არის გასაკვირი ან რა პარტიული მოძრაობის ეჭვები გაუჩნდა ვინმეს? ამიტომ, ერთი არის ცალსახა და მნიშვნელოვანი – არაფორმალური მმართველობა “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, ამ პარტიაში არის გაწევრიანებული მრავალ ათეულათასობით ადამიანი,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ამბობს, რომ არსებული პროცესები პარტიაში მეორე მხარემ დაიწყო, მელიას ფლანგმა კი მხოლოდ და მხოლოდ პასუხი გასცა.

“მაშინ, როდესაც პარტიასთან შეწყვეტილი იყო ყველანაირი ფინანსური, ურთიერთობა ამ დროს პარალელურად მიმდინარეობდა კი რიგ პირებთან თავიანთი პროექტების დაფინანსება, რაც ვფიქრობ ძალიან არასწორია და ჯანსაღი ვერ იქნება. დისონანსი შემოაქვს ამ ყველაფერს პარტიაში. აქედან გამომდინარე მემგონი ყველამ ყველაფერი უკვე იცის, ძალიან ბევრი კარტი გაიხსნა. ძალიან მწვავედ აღიქვამენ ბევრ რამეს.

ეს ცუდი პროცესი დაიწყო მეორე მხარემ, ყველანი მომსწრეები ვართ ყველაფრის, ბრიფინგი ჩაატარა მეორე მხარემ, პროცესები დააინიცირა მეორე მხარემ, შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ პასუხი გავეცით,” – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება თავმჯდომარეობის კანდიდატებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში დაპირისპირებას მხარეებს გააერთიანებს.

“მე არ მინდა პროცესში სკეპტიციზმის შეტანა. იყო ტექნიკური შეფერხებები, კომპანიამ ძირითადი ტექნიკური შეფერხებები გამოასწორა, რამდენად მოესწრება ყველას გადამოწმება – ამაზე მუშაობს ჩვენი გუნდი. ძალიან სამწუხარო იყო, რომ იყო ასეთი მწვავე დაპირისპირება და პოლარიზაცია გაღრმავდა. მე მოვუწოდებდი ჩემს კონკურენტებს, რომ შეგვენარჩუნებინა ღირსება და არ გადაგველახა წითელი ხაზები და არ გადავსულიყავით ერთმანეთთან ტალახის სროლაზე. სამწუხაროდ მაინც მიიღო ასეთი სახე როგორც მიიღო. ვფიქრობ, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობის პირობებში მე შევძლებ, რომ ყველა ეს სამწუხაროდ დაპირისპირებული ადამიანი გავაერთიანო და ყველა მათი ძლიერი მხარე გამოვიყენო,” – ამბობს ნონა მამულაშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაცია დასრულდა. პარტიის ცნობით, საარჩევნო სისტემაში რეგისტრაცია 49 756 ადამიანმა გაიარა.

პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ პარტიის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან ზემოთ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა 4 პირს – ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. საარჩევნო კამპანია ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button