მნიშვნელოვანისიახლეები

“ნაცმოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ დაპირისპირებას ეხმაურება და მოუწოდებს, რომ საქართველოს მომავალზე ფოკუსირდნენ.

„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არსებობს მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ მოიგებთ, თქვენ ერთმანეთს ებრძვით ერთი კაცის გამო. გაყოფილი სახლი ვერ იდგება. დროა, ფოკუსირდეთ საქართველოს მომავალზე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

“ნაცმოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიაში ბრძოლა თანამდებობისთვის წესების გარეშე მიმდინარეობს.

“ანალიზსაც აღარ ექვემდებარება, იმდენად მძიმე არის ურთიერთბრალდებები, ერთმანეთზე ცილისწამება, თუ ერთმანეთის მიმართ გარკვეული შიდა ინფორმაციების გავრცელება, ბრძოლა თანამდებობისთვის, როგორც იტყვიან, მიმდინარეობს წესების გარეშე. რა შედეგით დასრულდება – ყველა შემთხვევაში ეს დასრულდება ნეგატიური შედეგით “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ვიმედოვნებთ, კარგი იქნება საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის გათავისუფლებისა და გაჯანსაღებისთვის,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალას” დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია დაშლის საშიშროების წინ დგას და ამისთვის თავად პარტიის წევრები აკეთებენ ყველაფერს.

“ეს პარტია დიდი ხანია უკვე დაშლისკენ მიდის, ეს არის მილევადი პარტია არაერთხელ მითქვამს და ამისთვის თავად აკეთებენ ყველაფერს. უკვე იქამდე დავიდნენ, რომ დასდევენ შემოსავლებს, შემოსავლის წყაროს ინტერესებს, დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასებამდე. ძალიან რთულია, როდესაც მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს პოლიტიკაში ყოფნა იმისთვის, რომ ჰქონდეს შემოსავალი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.

“გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.

ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.

მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება”, – წერს სააკაშვილი.

ბეჟაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება გიორგი მუმლაძის თაობაზე დავით სააკაშვილის განცხადებას, ეს პოზიცია იმის დასტურია, რომ ის მხარს უჭერს პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებებს, ახალ ლეგიტიმაციას. მისი განცხადება გასაგებია და პარტიის მხარდამჭერებისთვის საჭიროა განახლება, ცვლილებები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად მანიპულირებენ და აკეთებენ განცხადებებს, მაგალითად, არჩევნების გაყალბებასთან, ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ახლა გაარკვიეს, რომ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი მათ პარტიაში ხდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიული გავლენები მძლავრობს და ყველამ კარგად იცის, რა პროცესები წარიმართება პარტიის შიგნით.

კობახიძის განცხადებით, როგორც არ უნდა დამთავრდეს თავმჯდომარის არჩევნები, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

„არჩევნების გაყალბებაც და ოლიგარქიული გავლენებიც თურმე მათი ხელწერა ყოფილა. ყველამ კარგად ვიცით, რა პროცესები წარიმართება ამ პარტიის შიგნით. რეალურად, მძლავრობს ოლიგარქიული გავლენები, ამასთანაც არის დაკავშირებული ყველა პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით. მთავარია, რომ, ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი დასრულდება კარგად. კარგად ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, რადგან საბოლოო წერტილი მაინც იქნება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა. ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები – ერთმა მიმართულებამ თუ მეორემ, კეზერაშვილის კლანმა თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა, ასეც და ისეც – ეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია დასრულდა.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა “ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს”.

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button