დავით კაჭარავა “ჩელენჯ კაპზე” ითამაშებს

რუსეთის ჩემპიონმა კრასნოიარსკის “ენისეიმ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა იცავს, მეორე დონის ევროპის საკლუბო ტურნირის, ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და შემოდგომიდან ძირითად ბადეში ითამაშებს.

ორმატჩიან პლეიოფში “ენისეის” მეტოქე იყო რუმინეთის ჩემპიონი “ბაია მარე”, რომლის ღირსებასაც ყოფილი “ბორჯღალოსანი”, 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე იცავს. ორი კვირის წინ, სტუმრად, კრასნოაირსკელებმა 30:20 იმარჯვეს, მეტოქე არც რუსეთში, სოჭში დაინდეს და 33:12 მოგებით ძირითად ბადეში გავიდნენ.

კაჭარავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. რუსებმა პირველსავე ტაიმში სამი ლელო გაიტანეს და მათგან ერთი სწორედ ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა. “ენისეიმ” ტაიმი” 27:5 მოიგო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაუშვეს, თავად ორი ჯარიმა გაიტანეს და მეტოქეს დამაჯერებლად აჯობეს. რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო სამხარაძე და ის მეორე ტაიმში შეცვალეს.

თავდაპირველად შესარჩევ ტურნირში რუსული კლუბის მონაწილეობა გათვალისწინებული არ იყო და “ენისეი” “ჩელენჯ კაპზე” მას შემდეგ მოხვდა, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა მასში ქართული კლუბის მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button