
სამშაბათს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ COVID-19-ის ახალი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო, შაბათ-კვირას ბელგრადში კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა.
პრეზიდენტის განცხადებას დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ შეიკრიბა. საღამოს დაახლოებით 10 საათისთვის, დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა მათ პარლამენტის შენობა დაატოვებინეს. აქციის დასაშლელად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დემონსტრანტები პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ.
მარტის დასაწყისში, კორონავირუსთან საბრძოლველად, სერბეთში მკაცრი ზომები მიიღეს, თუმცა მაისის ბოლოსთვის, ქვეყანა გაიხსნა. 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მმართველმა კოალიციურმა პარტიამ, სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. წინასაარჩევნოდ, პარტიამ მასობრივი შეკრებები გამართა, რომელებზეც ხალხს ნიღბები არ ეკეთა. შეკრებების შემდეგ, პარტიის რამდენიმე წევრს, მათ შორის, პრეზიდენტის მრჩეველს, COVID-19 დაუდასტურდა.
ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ ვუჩიჩს, კარანტინის გამოყენებით, თავისი მმართველობის გაძლიერების მცდელობაში ადანაშაულებენ და ავტორიტარად მოიხსენიებენ.
სერბეთში, მთლიანობაში, COVID-19-ის 16 719 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად, ქვეყანაში 3 023 აქტიური შემთხვევაა. თუმცა, შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. სამშაბათს 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.