დეზერტირების ბაზარში მოვაჭრეობის ცნობას ითხოვენ
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ადმინისტრაციისგან საბუთს ითხოვენ იმის დასადასტურებლად, რომ იქ მუშაობენ. ეს საბუთი მათ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ.
მოვაჭრეებისა და პროფკავშირების განცხადებით, მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილის მიუხედავად, დამსაქმებლები ამ საბუთს არ გასცემენ. ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ პროცედურებს მიყვებიან.
“იურისტები აუცილებლად ვადებში ჩაეტევიან. გასაგებია ყველაფერი, ეს ღელვაც გასაგებია, მაგრამ პროცედურულად, ყველა საკითხი უნდა გაიარონ იურისტებმა, რომ არ მოხდეს რაიმე საკითხის დარღვევა.” — განუცხადა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პროფკავშირების ხელმძღვანელს.
პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში აცხადებენ, რომ თუ სამ დღეში საბუთები არ გაიცემა, რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ.
“ბრძოლას ძალიან კონკრეტული მოთხოვნით ვაგრძელებთ და უახლოეს სამ დღეში, ასევე, ძალიან კონკრეტული დადებითი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, აუცილებლად გადავდგამთ რადიკალურ ნაბიჯებს.” — წერია განცხადებაში.
სახელმწიფო პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაციის ორ ფორმას სთავაზობს. ერთი ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, მეორე კი, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას. 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, დასაქმებულებმა უნდა წარადგინონ დამსაქმებლის დადასტურებული ცნობა, რომ ისინი მუშაობდნენ და პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი. 200-ლარიან დახმარებას კი ისინი მიიღებენ, რომლებსაც შემოსავლების სამსახურში ხელფასი უფიქსირდებოდათ და შემდეგ შეუჩერდათ.