დიდინეძში დაპირისპირებისას დაშავებული ლიკა დემეტრაძე საავადმყოფოში რჩება

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული 19 წლის ლიკა დემეტრაძე კვლავ საავადმყოფოში რჩება.

დემეტრაძის დედამ მაკა კოდუას ინფორმაციით , ლიკა თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ექიმების გადაწყვეტილებით, ის საავადმყოფოში დღესაც დარჩება. მეორე დაშავებული თემურ მიქავა კი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.
დემეტრაძის ოჯახი დამნაშავე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ სასჯელს და ყველა ხარჯის ანაზღურებას ითხოვს.

„მოვითხოვ ყველა ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც ჩემს შვილს დასჭირდება გამოკვლევებისთვის. მე, როგორც დედა მშვიდად უნდა ვიყო, რომ რაიმე გართულებას არ ექნება ადგილი, სხვა მოთხოვნა არ მაქვს“, – განაცხადა ლიკა დემეტრაძის დედამ.

1-ელ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button