ძნელი წარმოსადგენია, რუსეთის პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებამდე მიაღწიოს

აშშ-ის სახელმწფიო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა რომის სტატუტს და მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, იხელმძღანელოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერით, რომელიც სასამართლომ გასულ კვირაში გასცა უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ეჭვის გამო.
სენატში გამართულ მოსმენაზე ბლინკენს დაუსვეს შეკითხვა, უნდა დააკავონ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა პუტინი, თუკი ის იქ ჩავა. ბლინკენმა პასუხად თქვა, რომ ყველამ, ვინც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.
შეკითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს, თუკი ის აშშ-ში ჩავა, მან პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ძნელი წარმოსადგენია, რუსეთის პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებამდე მიაღწიოს. ამასთან ბლინკენმა დააზუსტა, რომ აშშ არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი.
თუ რამდენად გამართლებულია პუტინის დაპატიმრებაზე ორდერის გაცემა, ამაზე ბლინკენმა თქვა, რომ „საჭიროა იყოს პასუხისმგებლობა“ სამხედრო დანაშაულებისთვის, რომლებიც, როგორც აშშ-ს მიაჩნია, ჩადენილ იქნა უკრაინაში. პუტინისა და ბავშვთა უფლებების რწმუნებულ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ეჭვის გამო. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს დეპორტაციას, ასევე აცხადებს, რომ არ ცნობს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას. სასამართლოს პროკურორისა და რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მანამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ პუტინი უნდა დაკავებულ იქნეს და გადაეცეს ჰააგას, თუკი ის ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ცნობად მიიღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი და მათთვის ცნობილია საკუთარი ვალდებულებები. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ზაფხულში უმასპინძლებს გაერთიანება „ბრიკსის“ სამიტს, რომელშიც რუსეთიც შედის. მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას არ დაუდასტურებია, რომ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ მას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 123 ქვეყანა შედის. რამდენიმე დიდი სახელმწიფო – მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, აშშ – არ მონაწილეობს მის მუშაობაში.
ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გარდა რუსეთის შეჩერება სხვა ვერაფრით შეიძლება.
“რუსეთი აგებს ამ ომს. მსოფლიოში არ არის სუბიექტი, რომელიც უკვე ახლა არ გრძნობს ამას. ეს უკვე ყველას ესმის. და ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს: დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში, ხოლო რუსეთის ყველა დარტყმა სამხედრო, პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხს მიიღებს.