ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ იტალიის ტურნირი მოიგეს
იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი დამთავრდა (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).
როგორც ვწერდით, ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძე მეშვიდე ნომრად განთესილ თურქ იპეკ სოილუსთან დამარცხდა – 3:6, 2:6.
სამაგიეროდ, მან რევანში წყვილთა დუელში აიღო: სოფიო შაფათავასთან შეამხანაგებულმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ დიანა ბუზეანის (რუმინეთი) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) აჯობა – 6:1, 6:3, გადამწყვეტ პაექრობაში კი სოფიო ქვაცაბაიას და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) მძლეველ (6:3, 6:2) იპეკ სოილუს და ალის მატეუცის (იტალია) მოუგო 6:0, 7:6 და ერთეულებში მარცხისთვის რევანშიც აიღო. გორგოძემ და შაფათავამ მთავარი პრიზი დაიმსახურეს.
შაფათავა იტალიაშივე რჩება და 26 მაისიდან ახალ, 25-იან ტურნირში ჩაებმება. სლოვენიურ მარიბორიში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) იასპარეზებს სოფიო ქვაცაბაია – ძირითად ბადეში მოსახვედრად იგი ანა პრიბილოვას (რუსეთი) და ნინა შტადლერს (შვეიცარია) შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.
წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”