მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

EMC ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ასაჩივრებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ორგანიზაცია მაუწყებლის ახალი დირექტორის მიერ 8 აპრილს დამტკიცებული იმ ქცევის წესების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში თანამშრომლების გამოხატვას არეგულირებს.

“ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები უკანონოა, რადგან ის მაუწყებლის თანამშრომლების გამოხატვის, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს უხეშად არღვევს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დემოკრატიულ ფუნქციონირებას აფერხებს”. — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC აღნიშნავს, რომ მოცემული წესებით, თანამშრომლებს სრულად, მათ შორის, არასამუშაო დროსაც ეზღუდებათ:

საკუთარ სოციალურ გვერდებზე თავისუფლად ისეთი ფოტო, ვიდეო და ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც არ ეკუთვნის მაუწყებელს;
თანამშრომლებს აეკრძალათ მაუწყებლის სამუშაო და სამაუწყებლო პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება;
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება;
ბრძანება ყველა თანამშრომელს ავალდებულებს, მის უშუალო ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მაუწყებლის კრიტიკას უკავშირდება;
ქცევის წესები თანამშრომლებს სთხოვს სრულ ლოიალობას და შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომ თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა აზიანებდეს მაუწყებლის რეპუტაციას.

EMC იმედოვნებს, რომ სასამართლო სათანადოდ შეაფასებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გაიზიარებს ორგანიზაციის სამართლებრივ არგუმენტებს და გააუქმებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თვითნებურად და უკანონოდ შემზღუდავ წესებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია დაიძაბა. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მსგავსი პოსტები

Back to top button