ენმ: “კახეთში საარჩევნო კომისიების წევრები სკოლის დირექტორები და საჯარო პირები არიან”
“ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ირჩევენ.” ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ოპოზიციის კანდიდატმა მედიას ასარჩევი დამოუკიდებელი კანდიდატების 30-კაციანი სია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტები არიან საჯარო მოხელეები, მათთან გათანაბრებული პირები, სკოლის დირექტორები, საბავშვო ბაღების გამგეები და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები.
“იქნებ ვინმემ ამიხსნას, როგორ იქნებიან ეს წევრები დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როცა სია შედგენილია ” ქართული ოცნების” მიერ? მაგალითად, მერის წარმომადგენლის მოადგილე, ან მისი მეუღლე მიუკერძოებელი იქნება? ჩვენმა წევრმა, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა და ოქმში განსხვავებული აზრი დააფიქსირა.” – განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველის განცხადებას თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა უპასუხა. მისი განმარტებით, წევრებს კომისიაში გამოცდილების მიხედვით ირჩევენ.
“ჩვენ გვაქვს 900 ვაკანსია და 959 განაცხადი. ჩვენ არ ვიკვლევთ პოლიტიკურ სიმპატიებს, ჩვენ ვადგენთ, ვის რა გამოცდილება აქვს. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. ყველა ამ პირს უფლება აქვს, იყოს კომისიის წევრი. არ ვიცოდი, რწმუნებულის მეუღლეობა თუ თანამდებობა იყო. თქვენ შეგიძლიათ, 900 მიუკერძოებელი ადამიანი მომიყვანოთ?” – განაცხადა გაიპარაშვილმა.
დამოუკიდებელი წევრების არჩევა საარჩევნო კომისიებში, დღეს უნდა დასრულდეს.
წაიკითხეთ ასევე