ექსპრემიერი პრეზიდენტს რეზიდენციის დაცლისკენ მოუწოდებს
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ მოუწოდებს. განცხადება ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ექსპრემიერის თქმით, საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და 10 000 კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს.
“ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და არ გვაქვს ამის ფუფუნება,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში.
“მე, როგორც მოქალაქემ, არა მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო ასე მითითებით. მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე, პრინციპში, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი.
“შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი ფაქტობრივად არავის გააჩნია, გარდა ჩემი და ბიძინასი. ეს პიროვნული დაპირისპირების თემაა, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ამ საკითხში მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.