ერისიონი და Imagine – ქართული და საერთაშორისო მოტივები
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა თუ ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩებისწინა შოუ არ არის ხოლმე ისეთი გრანდიოზული, როგორიც, მაგალითად, ოლიმპიური თამაშების გახსნაა, მაგრამ სანახაობის ხარისხს აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ტელეეკრანიდან ბევრჯერ გვინახავს ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი შოუ-პროგრამა, რომელიც თამაშის წინ გულშემატკივრებში დადებით ემოციებს აღძრავს.
11 აგვისტოს კი ქართველი გულშემატკივრების ნაწილი ტელეეკრანიდან, ნაწილი კი პირდაპირ “დინამო არენას” ტრიბუნიდან მხოლოდ ბარსელონა-სევილიას, არამედ მის გახსნის ცერემონიალს იხილავს და უკვე საკუთარ ქვეყანაში შეიგრძნობს დიდი ფეხბურთის ხილვის ბედნიერებას.
გახსნის ცერემონიალს მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ქეთევან მგელაძე ხელმძღვანელობს, რომლისგანაც შოუს შესახებ საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ.
გახსნის ცერემონიალი სულ 5-7 წუთს გასტანს და უმეტესად, ეროვნული მოტივებით იქნება გაფორმებული. შოუ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. მოედანზე ჯერ სახელმწიფო ანსამბლი “ერისიონი” გავა, რომელთან ერთადაც მაყურებლის წინაშე მასთან არსებული ბავშვთა ანსამბლებიც წარსდგებიან. წარმოდგენილი იქნება მასშტაბურად დადგმული რამდენიმე ქართული ცეკვა, შემოკლებული ვერსიებით. ცეკვებს ლევან კუბლაშვილი და ეკა ჭკუასელი დადგამენ.
ამის შემდეგ კი მოედანზე გამოვა დავით ფორჩხიძის სტუდიის ოთხი ბავშვი, რომლებიც ჯონ ლენონის უკვდავ ჰიტს, Imagine-ს შეასრულებენ. თუ რა სტილით შესრულდება ეს სიმღერა, მოდით, ეს სიურპრიზად დავტოვოთ.რეპეტიციები რამდენიმე დღეა, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე მიმდინარეობს, 11 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე კი “დინამო არენაზე” გადაინაცვლებს.
რაც შეეხება გახსნის ცერემონიალის ბიუჯეტს, იგი 11 ათას ევროს შეადგენს, რასაც უეფა აანაზღაურებს.