მნიშვნელოვანირეგიონი

ერთ მილიონად რეაბილიტირებული კორპუსის შესაკეთებლად, 49 ათასი ლარი კიდევ გამოყვეს

ერთ მილიონად რეაბილიტირებული კორპუსის შესაკეთებლად, 49 ათასი ლარი კიდევ გამოყვეს.
თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლ, ფასადის რეაბილიტაციაზე დახარჯული მილიონ სამასი ათასი ლარის შემდეგ, კიდევ 49 ათასი ლარი მოხმარდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოს, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა სთხოვა და საკრებულოს 28 აპრილის სხდომაზე, თანხმობაც მიიღო.

კორპუსის ხელახლა შეკეთება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 23 მარტის ღამეს, თოვლმა, ერთი წლის წინ რეაბილიტირებული საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილი ჩამოშალა და პირველ სართულზე კომერციული ფართების გადახურვა ჩამოანგრია.

საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადურ გულიაშვილი ამბობს, რომ თანხის გამოყოფა დაუსაბუთებელი იყო.

” მერიამ არ წარმოადგინა დოკუმენტი, რის მიხედვით ითხოვდა ზუსტად ამ თანხას. არც ექსპერტიზა ჩაატარეს, არც შეაფასეს, თავად დაწერეს აქტი, დაიანგარიშეს და დაასკვნეს, რომ 49 ათასი სჭირდებათ. ამ კორპუსთან დაკავშირებით, იყო ამხანაგობის მომართვა, სახურავის სრულ რეაბილიტაციაზე და 46 ათასი ჰყოფნიდათ. ამათ ნაწილობრივი შეკეთებისათვის, სამი ათასით მეტი. თავის დროზეც, როცა მილიონი დაახარჯეს, ექსპერტიზის დასკვნა, არც მაშინ ჰქონდათ”-ამბობს გულიაშვილი.
კორპუსის ფასადის ჩამოშლის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ირწმუნებოდა, რომ ზიანის გამოსწორების ვალდებულება, რეაბილიტაციის ჩამტარებელ კომპანიას ჰქონდა, საგარანტიო ვადა, ჯერ ამოწურული არ იყო და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.

თავის მხრივ, კომპანია “ბპ კონსტრაქშენი”, რომელმაც მრავალბინიანი საცხოვრებლის რეაბილიტაცია ჩაატარა, ამტკიცებდა, რომ თოვლით მიყენებული ზიანის გამოსწორების არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა.
თელავის მერიაში, რადიო ჰერეთს ახლა უკვე დაუდასტურეს, რომ კომპანია “ბპ კონსტრაქშენს” დაზიანების აღმოფხვრა არ ევალება.

“კომპანიას სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება არ აქვს. აქედან გამომდინარე გამოიყო თანხა დაზიანებული ფასადის აღსადგენად. გამოცხადდება ტენდერი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი შეასრულებს სამუშაოებს”- განმარტეს მერიაში.
ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, რეაბილიტაცია

2021 წელს ჩაუტარდა, რისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი.
ჯერ კიდევ ახლად დასრულებულ ფასადს ბზარები უჩნდებოდა და აივნები იშლებოდა, რის შესახებაც, რადიო ჰერეთი, სტიქიამდე რამდენიმე თვით ადრე წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button