მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოიხსნება თუ არა კომენდატის საათი და პირბადის ტარების ვალდებულება

კომენდანტის საათი, შესაძლოა ამ თვეში მოიხსნას, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მის თქმით ასევე განიხილება პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაც.

“მცირდება შეზღუდვები, ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება.

მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება, პრაქტიკულად, არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება, ჯერჯერობით, საჭიროა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კომენდატის საათი 7 თვეზე მეტია მოქმედებს, ასევე სავალდებულოა პირბადის ტარებაც როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button