მსოფლიოსიახლეები

“ევროკავშირის ეკონომიკას ისტორიული მასშტაბის რეცესია ელის”

ევროზონის ეკონომიკა შესაძლოა 7.7%-ით შემცირდეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის ავტორები მივიდნენ, რომელიც ბრიუსელში იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ წარადგინა. ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარის თქმით, ასეთი ეკონომიკური შოკი ევროპაში დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა.

კერძოთ, ევროკომისიის პროგნოზით, 2020 წელს ბლოკის 27 სახელმწიფოში შიდა პროდუქტის მოცულობა 7.4%-ით შემცირდება, 2021 წელს კი, 6%-ით გაიზრდება. მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება: პოლონეთის -4%-იდან საბერძნეთის -10%-მდე.

განსხვავებული იქნება ეკონომიკების აღდგენის ტემპიც. ჯენტილონის თქმით, ეს საკარანტინო ზომების მოხსნის სიჩქარით, ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულებით და ბიუჯეტების ფინანსური შესაძლებლობებით იქნება განპირობებული. მისივე თქმით, ასეთი არათანაბარი ვითარება ევროზონის შიდა ბაზრის ერთიანობისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.

ანგარიშში საუბარი იყო მუშევრობის საკითხზე. სპეციალისტების ვარაუდით, წელს ეს მაჩვენებელი ევროკავშირში შარშანდელი 6.7%-დან 9%-მდე გაიზრდება, მომავალ წელს კი, 8%-მდე შემცირდება. განსაკუთრებულ სირთულეებს გადააწყდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველი სამსახურის პოვნას შეეცდებიან.

ამასთან, პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხების გამო, გაიზრდება ბიუჯეტების დეფიციტი.

თუმცა, პროგნოზის წარდგენისას, ჯენტილონიმ აღნიშნა, რომ მასში ბევრი ვარაუდია და იმ მოცემულობას ეყრდნობა, რომ ქვეყნების უმეტესობა საკარანტინო ზომების მოხსნას მაისში დაიწყებს. თუ პანდემიასთან ბრძოლას მეტი დრო და უფრო სერიოზული ინვესტიციები დასჭირდა, ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდება.

1-ლ მაისს ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში უკვე შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button