მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფოდ ცნეს

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 23 ნოემბრის სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ცნობენ ტერორიზმის ხერშემწყობ სახელმწიფოდ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

„რეგულარული თავდასხმები და სიმხეცე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“ – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

მასში რუსეთი აღიარებულია ქვეყნად, რომელიც ტერორიზმის მეთოდებს იყენებს ომის დროს. დეპუტატები გამოვიდნენ მოწოდებით, შეიქმნას ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის მთელი სახელმწიფოების მოთავსებას ტერორისტთა სიაში.
კანონმდებლები ახალ რეზოლუციაში ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ რუსეთის საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო იზოლირებული გახადონ.

ამჟამად ევროკავშირის ტერორიზმის სიაში მხოლოდ ორგანიზაციებისა და ცალკეული ადამიანების შეყვანა შეიძლება.

დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, ხელი შეუწყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. კენჭისყრის წინ აღინიშნა, რომ დოკუმენტი უნდა იქცეს ნაბიჯად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სამართლებრივი დევნის გზაზე.

რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს არ ავალდებულებს რაიმე მოქმედებას და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მის მიღებას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა თავი შეიკავა, 58 წინააღმდეგი იყო.
ტექსტის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეები გახდა.

“ევროპარლამენტის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ რუსული ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი წინასწარ განზრახული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურების განადგურება და საერთაშორისო თუ ჰუმანიტარული სამართლის სხვა დარღვევები ტერორისტულ აქტებს და ომის დანაშაულებს წარმოადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ევროკავშირს ოფიციალურად არ შეუძლია სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად გამოაცხადოს, ევროპარლამენტი მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები და რუსეთის ამ სიაში შეყვანა განიხილონ. მათი თქმით, ეს მოსკოვის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას შეუწყობს ხელს და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შეზღუდვაზე მოახდენს გავლენას.

პარალელურად, დეპუტატები საბჭოს მოუწოდებენ, რომ EU-ს ტერორიზმის სიაში შეიყვანონ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, ასევე ე.წ. კადიროველები და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა სამხედრო ჯგუფები. მათივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი მეტად უნდა იზოლირდეს, მათ შორის ეს უნდა შეეხოს საერთაშორისო ორგანიზაციებში მის წევრობას.

ევროპარლამენტარებს, ასვე, სურთ, მაქსიმალურად შემცირდეს დიპლომატიური კავშირები მოსკოვთან და რუსეთის წარმომადგენლებთან ევროკავშირის ურთიერთობა აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიდეს. ამასთან, ევროკავშირში დაიხუროს და აიკრძალოს რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო პროპაგანდას ავრცელებენ.

ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს „იზოლირებული ყველა დონეზე, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კი განაცხადა, რომ ის მადლიერია ევროპარლამენტის ამ გადამწყვეტი ნაბიჯის, რომელიც „აძლიერებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას და სამართლიანად ადასტურებს მის გარიყულ სტატუსს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button