ევროპაში გაზის ფასი იზრდება

რუსეთიდან ევროპისკენ გაზის ნაკადები კვლავ შეფერხებით მიედინება. ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასი იზრდება, ქვეყნები კი ენერგიის მისაღებად ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ და მომხმარებლებს რესურსის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.
დღეს ფიუჩერსების ფასებმა 6,7%-ით მოიმატა. გაძვირდა ელექტროენერგიაც.
გერმანიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობა აღადგინეს.
გერმანიაში ძირითადი ინდუსტრიები მზად არიან შეამცირონ მოხმარება, რათა ქვეყანამ აირის ზამთრისთვის შენახვა შეძლოს.
რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება საფრთხეს უქმნის ევროპის ეკონომიკას მაშინ, როცა ქვეყნები მაღალ ინფლაციას და მცირე ეკონომიკურ ზრდას უჩივიან.
Uniper-მა, გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესმა მყიდველმა, განაცხადა, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა საკუთარი კლიენტებისთვის გაზის მიწოდება გაუჭირდეს. დანიამ დეფიციტის შესახებ “ადრეული გაფრთხილება” გაავრცელა.
“მომხმარებლებთან გაფორმებულ კონტრაქტებს ახლა ვასრულებთ, მაგრამ რამდენად შეგვიძლია ასე გავაგრძელოთ, არ ვიცი. ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტია. არასდროს გვინახავს რუსეთიდან გაზის ნაკადების ასეთი ხანგრძლივი შეფერხება”, თქვა Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა.
ფრანგული Engie აცხადებს, რომ მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პრობლემა არ აქვს, რადგან კომპანიამ ალტერნატიული მიმწოდებლების ძიება აქტიურად დაიწყო. ენერგეტიკული კომპანია მათ შორისაა, რომლებსაც გასულ კვირას რუსული გაზის მიწოდება შეეზღუდა.
ევროპის უდიდესი მილსადენის, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპა ბუნებრივი აირის მაქსიმალური შესაძლებლობის დაახლოებით 40%-ს იღებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, უცხოური ტურბინების შეკეთებამ გამოიწვია. მილსადენი, შეკეთების მიზნით, ასევე დაიხურება მომდევნო თვეს, 10 დღის განმავლობაში.
ევროპული გაზის მარაგები დაახლოებით 55%-ით არის სავსე. მისი შევსება ამ დროისთვისაც გრძელდება, მაგრამ მიწოდების შეფერხების ფონზე, 1 ნოემბრისთვის შევსებული იქნება საჭირო მარაგის 80%, რაც, ING Groep ბანკის განცხადებით, “შემაშფოთებელი იქნება”.
“თუ შემცირებული ნაკადები შენარჩუნდება, მიზნის მიღწევა შეიძლება გართულდეს”, – აცხადებენ ბანკში.
14 ივნისს Gazprom-მა განაცხადა, რომ ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ნაკადს 40%-ით ამცირებს. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება.
ჰოლანდიის გაზის ფიუჩერსები დღეს 3,4%-ით გაიზარდა და მეგავატ საათში 124,75 ევროს მიაღწია.
ევროპის ენერგეტიკულ ბირჟაზე გერმანიის ელექტროენერგიის ფასი 4,7%-ით, მეგავატ საათში 269 ევრომდე გაიზარდა.
იმ შემთხვევაში, თუ ისედაც შეფერხებული რუსული გაზის მიწოდება მთლიანად შეწყდება, გერმანიას რეცესია ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” გერმანიის მრეწველობის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს. უწყებაში ამის შესახებ მას შემდეგ თქვეს, რაც იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის, ზამთარში ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად კომპანიებს გაზის საწყობების შევსებაში ფინანსურად დაეხმაროს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ბრძოლის ეპიცენტრში ენერგოსაკითხები მოაქცია, ევროკავშირის ბალტიურმა ქვეყნებმა კრიზისთან გასამკლავებლად გარკვეული ზომები შეიმუშავეს. ომის დაწყებამდე ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებდა, კონკრეტულად გერმანია კი – 55%-ს. აღნიშნული დანაკლისის შევსება ისედაც მჭიდრო გლობალური გაზის ბაზრის პირობებში უნდა განხორციელდეს. საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება ნახშირის ელექტროსადგურების დახურვის შესახებ.
გაზის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც ინფლაციისა, და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამწვავება გამოიწვია.
გერმანიის მრეწველობის ფედერაციამ გასულ კვირას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საგრძნობლად შეამცირა. ასოციაციის თანახმად, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რეცესიას გარდაუვალს გახდის. რუსული გაზი ისევ უკრაინის გავლით, თუმცა შემცირებული ტემპით მიედინება, ხოლო Nord Stream 1 მილსადენის გზა, რომელიც გერმანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბალტიის ქვეყნებზე გადის და ის 40%-იანი დატვირთვით მუშაობს.
მოსკოვის პოზიციით, ამის მიზეზი დასავლეთის სანქციებია, რამაც მილსადენისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოებს შეაფერხა, ევროპა კი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ნაკადების შემცირების საბაბია.
ევროპის მიზანია, მილსადენის გზით მიწოდების მეტი ალტერნატივა მოიძიოს ადგილობრივი მწარმოებლებისგან, როგორიცაა ნორვეგია, თუმცა ქვეყნები უკვე აღწევენ მიწოდების ლიმიტებს.