გარდაცვლილების ცხედრები რუსთავში გადაასვენეს

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 3 დაღუპულის ცხედარი რუსთავში გადაასვენეს. დაზიანებების გამო ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ამიტომ დნმ-ის ანალიზი ცხედრებს რუსთავში ჩაუტარდებათ – იუწყება აჭარის ტელევიზია.
ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან ქობულეთის სასტუმროში დაღუპული ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას ინციდენტი მოხდა. დაღუპულების მშობლები და ახლობლები გარდაცვლილთა ცხედრების ნახვას ითხოვდნენ. ისინი ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულ 112-ის ავტომობილს წინ გადაუდგნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილიდან გაიყვანეს.
ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმრო “არმაზში” 10 მაისს, დილის 5 საათზე გაჩნდა. ხანძარმა სასტუმრო მთლიანად გაანადგურა. ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციელებმა, მაშველებმა და მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მასალაში გამოყენებულია გაზეთ “ბათუმელების” ფოტო