მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს აგზავნის

„ლეოპარდის“ უკრაინისთვის მიწოდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს არ წაადგება-პესკოვი

რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, საუბარია მინიმუმ ერთ Leopard 2A6-ზე.

დღეს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის Leopard 2-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს. WSJ-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

დღეს პოლონეთმა Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა გერმანიისგან ოფიციალურად მოითხოვა. ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკიმ გერმანიას მოუწოდა, თავადაც შეუერთდეს იმ ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard 2-ის ტანკებით დაეხმარებიან.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვს. როგორც უკრაინული მხარე ამბობს, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭიროა გერმანიის თანხმობა. გერმანიის ოფიციალური პირები კი აღნიშნავენ, რომ გერმანია არაა წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღიათ. გერმანულ მხარეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინას აბრაამის ტიპის ტანკების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუგზავნოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ტანკს გაუგზავნის ამერიკა უკრაინას.
WJS-ის ცნობით, თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
მოსალოდნელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 17 იანვარს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის გამართული შეხვედრა, სადაც ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის “აბრაამის” ტანკების გადაცემის საკითხს განიხილავდა.
მანამდე არსებული ინფორმაციით, პენტაგონი არ აპირებდა უკრაინისთვის “აბრაამის” გადაცემას, იმ მიზეზით, რომ ისინი ზედმეტად კომპლექსურები იყვნენ და მათი მართვის სწავლისთვის გრძელვადიანი მომზადება იყო საჭირო, რისი დროც ომის პირობებში არ იყო.

„ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის მიწოდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს არ წაადგება და მათ მომავალ განვითარებაზე აუცილებლად იმოქმედებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი გადაზიდვები არ არის კარგი მომავალი ურთიერთობებისთვის. ისინი, უდავოდ, დატოვებენ გარდაუვალ კვალს ამ ურთიერთობების მომავალზე”, – განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ განვითარდება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები, თუ ბერლინმა „ლეოპარდის“ ტანკების კიევში გაგზავნა დაამტკიცა.

პესკოვის თქმით, რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები ისედაც საკმაოდ დაბალ დონეზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button