გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
“2023 წლის 23-24 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.
ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი.
ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან”, – აღნიშნულია საგარეოს ინფორმაციაში.
გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.
შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.