გივი თარგამაძე ირმწუნება რომ გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ

გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ გია ცერცვაძეს 26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლო გაათავისუფლებს.

თარგამაძის თქმით, მან უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსგან, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებს, ცერცვაძის გათავისუფლების გარანტია მიიღო: “გარანტიებს ასეთი ფიგურები ტყუილად არ იძლევიან, ვინაიდან პასუხისმგებლობაც შესაბამისი აქვთ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად. ლუცენკო დაუკავშირდა ქართულ ლეგიონს, მიიღო სიტყვიერი დასტური, რომ ცერცვაძე მონაწილეობდა ყველა ოპერაციაში. სიტყვიერი დასტურიც საკმარისი იყო გარანტიისთვის”. – ამბობს გივი თარგამაძე.

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავება გააპროტესტეს კიევში. საქართველოს საელჩოსთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ოფიცრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისგან საქართველოს მოქალაქის დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებებსაც თუ როგორ მოხვდა რუსი ძალოვანების ხელში ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს ოფიციალურ უწყებებს აქვთ.

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე განცხადებები კეთდება საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობაში, სადაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა იცავდეს საქართველოს ხელისუფლება და ამისთვის ცერცვაძის დაკავების დღიდან შესაბამისი მოქმედებები დაწყებულია. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიერ წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა კითხვის ნიშნებს ბადებს.

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საკითხზე განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გააკეთა. უწყებამ სააგენტო ipress-თან საუბრისას პოლიტიკოსებს მოუწოდა, მსგავსი საკითხების პოლიტიკური ინსინუაციების თემად ქცევისგან თავი შეიკავონ.
“საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული. პრემიერი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს” – განაცხადეს პრემიერის პრესსამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button