გურამ კაკალაშვილი: ლაგოდეხის გამგებელს კრიმინალი აქვს ჩადენილი
“ტრაქტორები, რომელსაც ლაგოდეხის რაიონში ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა კერძო ფერმერების ნაკვეთებში მუშაობენ” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გურამ კაკალაშვილმა რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ამ საქმეს მე ასე არ დავტოვებ, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. როცა ჩემსკენ იშვერს ხელს ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია, მე ვამბობ, რომ მას აქვს კრიმინალი ჩადენილი და ეს საგამოძიებო თემაა, ეს არის ღალატი დაზარალებული მოსახლეობის წინაშე. კითხვა მაქვს, როცა მოსახლეობა ასე დაზარალდა, რატომ მუშაობდნენ ტრაქტორები კერძო ფერმერის, მაგალითად დავით ლომიძის კერძო მიწებში?!” – განაცხადა კაკალაშვილმა.
” ის კამაცუ საცდელად მოსინჯა დავით ლომიძემ, მე არავის ვეფარები, მაგრამ შემთხვევით შევესწარი, რომ ის თხოვდა გამგებელს კახა ჯამბურიას და მის მოადგილეს გიორგი ბოკერიას, რომ ხელშეკრულება გაეფორმებინათ გამგეობასთან ამ სამუშაოებზე, თუმცა არ ეცალა იმ დროს ტექნიკას.
თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როცა თქვენ იყენებდით სახელმწიფო რესურს, მაგალითად სახანძრო მანქანებს თქვენ იყენებდით თქვენი მინდვრების მოსარწყავად. თქვენ ამუშავებდით ტექნიკას, როცა ხელისუფლებაში იყავით. სააკაშვილის ტრაქტორები ჩემს ნაკვეთში მუშაობნდნენ თუ თქვენთან?”- უპასუხა გიორგი მჭედლიშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გურამ კაკალაშვილს დებატებისას თოქ-შოუში “თავისუფალი დრო”.
“რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს არის დანაშაული და გამოიძიეთ ბატონო გია. ჩვენი ხელისუფლების დროს, მაგალითად, როცა სოფელ კაბლის გამგებელი ჯემალ ნიაზოვი უკანონოდ იყენებდა სახელმწიფო რესურსს, ჩვენ მაშინ ვალი მოვიხადეთ და პროკურატურას მივმართეთ და ეს საქმე გამოიძიეს” – მიმართა კაკალაშვილმა მჭედლიშვილს.
უფრო ადრე, ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ, ყოფილი პარლამენტარი და ახლა “ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მისი პარლამენტარობის პერიოდში მიწების მითვისებაში დაადანაშაულა და ჰერეთის ეთერში განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი ხელისუფლება სათავეებიდან გამდიდრებული წავიდა .
ჯამბურიამ მაგალითად მოიყვანა იუსტიციის სახლის მშენებლობა ლაგოდეხში, რომელიც მაშინდელი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მფარველობით მიმდინარეობდა, საიდანაც, კახა ჯამბურიას მტკიცებით, ყოფილი მინისტრი და ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლება ფულს ათეთრებდა.