ჰომოფობების ოჯახის წევრები დაკავებულების ბრალდებას არ ეთანხმებიან
თბილისში, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული პირების ოჯახის წევრები, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირებიდან ერთ- ერთი, თელავში მცხოვრები, 38 წლის მურად დევლარიშვილია. დაკავებულის დის, მაია დევლარიშვილის განმარტებით, ის ძმისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
” მინდა ვთქვა, რომ რაც მოხდა იყო სრულიად მიუღებელი ჩემთვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და არავის აქვს უფლება, ვინმე შეზღუდოს. ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა, წარმოუდგენელია, რადგან ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. მურადისთვის წაყენებულ ბრალს არ ვეთანხმები, რადგან არანაირი დაჯგუფების წევრი არ არის, თელავიდან წავიდა მარტო, პარაკლისზე დასასწრებად და საკუთარი პოზიციის მშვიდობიანად გამოსახატად.
ვიცი, რომ მხოლოდ ერთხელ მოიქნია ხელი დ ამას ძალიან ნანობს. გარდა ამისა, არავის დევნაში მონაწილეობა არ მიუღია. მე ვფიქრობ, ასე იმიტომ ამძიმებენ, რომ ყველას დასანახად, სამაგალითოდ დასაჯონ. ოთხი შვილისა და ინვალიდი მამის ერთადერთი მარჩენალია, ფიზიკურად შრომობს. რაც დააშავა, კი ბატონო, მაგრამ რაც არ ჩაუდენია, იმას ედავებიან”- განაცხადა მაია დევლარიშვილმა.
მურად დევლარიშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225- ე, 154-ე და 156- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და დევნას გულისხმობს.
5 ივლისს, თბილისში რუსთაველზე, სხვადასხვა ჯგუფები შეიკრიბნენ, რომელთა მიზანი, წინა დღეებში დაანონსებული პრაიდის ჩატარებისათვის ხელის შეშლა იყო.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქაშუეთის ეკლესიაში პარაკლისის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა პროცესების ძალადობრივად განვითარების შედეგად, 53 ჟურნალისტი დაშავდა.
მომხდარ ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკვე ათზე მეტი პირი დააკავა.