მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონი მძვინვარებს

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ „ამფანის“ შედეგად. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ცნობით, განადგურებულია კომუნიკაციები და ათასობით სახლი. ციკლონის ძირითადი დარტყმა ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ შტატ დასავლეთ ბენგალიაზე მოხდა, სადაც სტიქიას სულ ცოტა, 10 ადამიანი ემსხვერპლა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ზღვაში ტალღების სიმაღლე 5 მეტრს აღწევდა, შტორმმა ზღვის წყალი ხმელეთზე 25 კილომეტრის მანძილზე შეიტანა. სტიქიამ უკვე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე რეგიონში ელექტრომომარაგება შეწყვეტილია. ძლიერმა ქარმა ამოგლიჯა ხეები და სახლებს სახურავები ახადა.

„შოკში ვართ, ზარალის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება. ციკლონმა უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, ვიდრე COVID-19-მა“. – განაცხადა დასავლეთ ბენგალიის მთავარმა მინისტრმა მამათა ბენერჯიმ.

ციკლონის დაწყებამდე, სახიფათო ზონებიდან, ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლებამ 3 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ პროცესს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიც ართულებდა. ციკლონი ბენგალის ყურეში წარმოიქმნა და ხმელეთისკენ მოძრაობს.

მეტეოროლოგების მონაცემებით, „ამფანი“ ბენგალის სრუტეში ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ციკლონია. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button