მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს უმასპინძლა

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეხვედრებს თბილისში მართავს, ის უკვე შეხვდა საქრთველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

მიშელი კმაყოფილებას გამოხატავს თბილისში ყოფნის გამო და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“.

მისი განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისია და ბევრ შრომას საჭიროებს.

„პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან დიდი შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელმა.

თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესი ადვილი არ იყო, თუმცა უფრო მეტი საქმე დღეს იწყება. გამოთქვა რწმენა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში თანაბარი ძალები იქნებიან წარმოდგენილები და გადაწყვეტილებები ინკლუზიური ჩართულობით იქნება მიღებული:

„რასაკვირველია საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე დარწმუნებული ვარ აგრეთვე, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირებისა. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.

„ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის და ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, მე ვიტყოდი გადაღლილი ამ პოლარიზაციით და არეულობით. და თუნდაც შეურაცხყოფილი. იმიტომ, რომ ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკურმა შეთანხმებამ გამოიღო შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება – პირველ რიგში პარლამენტის გაძლიერება. „რამეთუ დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი”,

ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ის ადგილი და უფლებები, რაც ენიჭება ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები არ მიენიჭება ოპოზიციას და გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები”.

მან ასევე მიუთითა პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერების შესახებ:

„ის ფაქტი, რომ მთლიანად აქ შეიკრიბა ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს, ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს”.

მისი შეფასებით, შეთანხმებით საფუძველი ეყრება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ აყვანას ევროპულ დონეზე – ერთი არის სასამართლო სისტემა, მეორე არის საარჩევნო სისტემა.

„ის, რაც მოხდება მომავალ დღეებში, კვირებში, ჩვენ ამ რეფორმების მიხედვით, რომელიც ჩასმული არის ამ შეთანხმების დოკუმენტში, მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო სისტემას და საარჩევნო სისტემას, რომელიც ასევე იქნება პრაქტიკაში გადატანილი, ოქტომბერში ჩვენი ადგილობრივი არჩევნების დროს”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი შეთანხმების გაფორმების შემდეგ შედეგებს მოელის საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. „ეს შეთანხმება ასახავს უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბევრი კრიზისი არის უფრო მაღალი დონის, ვიდრე იყო საქართველოში, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარის ასეთი ჩართულობა ყველა ძალებით, არის უპრეცედენტო. ეს თავისთავად არის მანიშნებელი, რა სიახლოვე არსებობს, რა კავშირები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, – თქვა მან.

ზურაბიშვილმა ილაპარაკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ინვესტიციები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც შავ ზღვას უფრო დააკავშირებს ევროკავშირთან. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით საკითხები ნამდვილ გეგმაში აისახება.

პრეზიდენტმა შარლ მიშელის წინაშე ახალი ინიციატივაც დააყენა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმებამ მიიღოს სრულყოფილი სახე მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად.ზურაბიშვილმა შარლ მიშელს შესთავაზა, რომ ბათუმის ყოველწლიური კონფერენცია გადაიქცეს სამიტად და დაპატიჟონ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად.

მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

ზურაბიშვილი აგრეთვე ლაპარაკობს პროგრამებზე, რომლებიც ფიზიკურად უკავშირდება ადამიანებს. „ეს არის კულტურა და განათლება. მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობაა, რომ ჩვენმა და ევროკავშირის მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ არიან ერთი ოჯახის წევრები”, – თქვა ზურაბიშვილმა და დაამატა, – „ლაპარაკის დროს დასრულდა, ახლა საქმის დროა”.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ისტორიული შეთანხმების შემდეგ საქართველოში შარლ მიშელს ელოდებიან

ნახეთ დეტალურად რა წერია შეთანხმების ახალ დოკუმენტში

მსგავსი პოსტები

Back to top button