ირაკლი ალასანია პარლამენტის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებას აფასებს

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, გუშინ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს აფასებს.

ალასანია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აკისრებს. მისი თქმით პოლიტიკოსის აფეთქების ფაქტი, საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას აჩენს. ქვეყანაში წინა საარჩევნო პერიოდია და ქალაქის ცენტრში პარლამენტის წევრის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს პოლიტიკური ელფერი აქვს -აცხადებს ალასანია.

”საარჩევნო გარემო დღითიდღე უფრო იძაბება. პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელიც არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს ქმნის. სულ რამდენიმე დღეში არჩევნებია, ამიტომ ყველა მსგავს ფაქტს პოლიტიკური ელფერი გასდევს. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, დედაქალაქის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა ააფეთქეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის დაშავება მოჰყვა. ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, თავად ფაქტი პოლიტიკოსის აფეთქების, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. საგანგაშოა, რომ თავგასული ორგანიზებული კრიმინალები შეუფერხებლად სჩადიან დანაშაულებს და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ.

”თავისუფალი დემოკრატები” ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანისგან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან, ასეთი განუკითხაობა და იარაღის სროლით და აფეთქებებით ჩატარებული არჩევნები, მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს. ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისაგან, რადგან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთელი სიმძიმით მათ ეკისრება”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

გუშინ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი და თარგამაძის მძღოლი. დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ კი გორში, საარჩევნო კამპანიის დროს გორის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ოქრუაშვლს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button