მნიშვნელოვანისიახლეები

„ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ ხართ პანიკაში?-ოპოზიციამ კობახიძის განცხადებას ტყულილი უწოდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერებზე თავდასხმის რისკების შესახებ.

ვაშაძემ კობახიძის განცხადებას ტყუილი უწოდა.

„ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ამდენ ტყუილს, რას თხზავთ ყოველდღიურად? სიმართლე უთხარით ხალხს, პანიკაში, რატომ ხართ? იმიტომ, ბატონო ირაკლი, რომ გეშინიათ მარცხის. იცით, რომ მარცხებით ამ არჩევნებში, აგებთ არჩევნებს და ათას ტყუილსა და სიგიჟეს იგონებთ ყოველდღიურად, – მიმართა პრემიერ-მინისტრს გიორგი ვაშაძემ და დაამატა, – ქართველი ხალხის არჩევანი არის კეთილდღეობა ევროკავშირში, თქვენი [„ქართული ოცნების“] არჩევანი არის სიღატაკე იზოლაციაში და ამაზე უარს გეუბნებათ ხალხი. ამიტომ ხართ პანიკაში“.

კობახიძე ოპოზიციის ლიდერებზე “თავდასხმის რისკებზე” საუბრობს

დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეთქმულების თეორიების არ სჯერა.

„ჩემი აზრით, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის გამლახავები არ არიან, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გალახა და არ დააბრალა, რომ ერთმანეთი სცემეს. ძალიან მეეჭვება, რომ ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ. გივი თარგამაძემ თავისი თავი აიფეთქა? შეთქმულების თეორიების არ მჯერა. მჯერა, რომ ასეთი სახის დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება, თუ ეს ხელისუფლებას უნდა. ასეთი ადამიანი ციხეში თუ არ აღმოჩნდება და იტყვიან, „ნაცებმა“ ერთმანეთი სცემესო, მაშინ ეს ყველაფერი გასაგებია. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული“.

კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, “გლობალური ომის პარტია”, ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ “დუშკაბინით” და დაჯავშნილი შუშით – ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია, რომ „შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერები დაზიანდნენ“, ოპოზიციისადმი პირდაპირი მუქარაა.

„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, „გლობალური ომის პარტიას” უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით, ვინაიდან, საფრთხე ემუქრება მას. კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა. რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, „გლობალური ომის პარტია”, ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით“ და დაჯავშნილი შუშით და შემდეგ დააქვს პერსონალური უნიტაზი. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკური. მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაბრალდება “გლობალური ომის პარტიას“.

გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციის, ვინაიდან უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც ჩვენ “ქართული ოცნების მხრიდან გვესმის,” – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button