
“ირანში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება.” – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გააკეთა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში კოვიდ-19-ის 2 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 75 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსის 169 425 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 209 ადამიანი.
პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს და ეკონომიკა ღია უნდა იყოს.
„ამ გარემოებაში სხვა არჩევანი არ გვაქვს, – უნდა ვიმუშაოთ, საწარმოებმა უნდა იმუშაოს, მაღაზიები ღია უნდა იყოს. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქებს შორის გადაადგილება.” – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ირანში ერთ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 3 574 შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ირანში ექიმები მოსახლეობას ვირუსის მეორე ტალღის შესახებ აფრთხილებენ.