ISIS-ის ლიდერმა ძალადობის ამსახველი კადრები აკრძალა
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავის მებრძოლებს აუკრძალა სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრების გამოქვეყნება.
ექსტრემისტების ბელადი თვლის, რომ მსგავსი ვიდეორგოლები ISIS-ის იმიჯს ძალიან ვნებს და დანარჩენ მუსულმანებს აშინებს, განსაკუთრებით ბავშვებს.
ალ-ბაღდადიმ, მის დაქვემდებარებაში მყოფ მასმედიას, მოთხოვნა გაუგზავნა, რათა მათ უარი თქვან სიკვდილით დასჯის პროცესის სრული კადრების გამოქვეყნებაზე და მარტო სცენების დასაწყისითა და დაბოლოებით შემოიფარგლონ, – წერს გამოცემა „International Business Times.“
თავის მხრივ, სირიული სააგენტო „ANA News“ აღნიშნავს, რომ ბევრი მებრძოლი ალ-ბაღდადის ბრძანებას მხარს არ უჭერს. მათი თქმით, ასეთი ჩანაწერები ტერორისტული დაჯგუფების მტრების დაშინებაში ეხმარება.
შეეგახსენებთ: ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ხშირად ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო, 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო – სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია – შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთ თურქეთი.
გაერო „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს.