მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელსა და “ისლამურ ჯიჰადს” შორის ზავი შედგა

ისრაელსა და “ისლამურ ჯიჰადს” შორის ზავი შედგა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ადგილობრივი დროით, 11:30- ზე შევიდა ძალაში. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ “ისლამური ჯიჰადი” შეთანხმებას დაარღვევს, ისრაელის თავდაცვის ძალები “ძალისმიერად” იმოქმედებენ.

ისრაელმა ღაზის სექტორში განთავსებული ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტების დაბომბვა სამი დღის წინ დაიწყო. ოფიციალური პალესტინის განცხადებით, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სპიკერის განცხადებით, შეთანხმების ნაწილია ეგვიპტის მხარის ვალდებულება, იმუშაოს მათი ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის ორი დატყვევებული წევრის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეში იმყოფებიან.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერის განცხადებით, ღაზის სექტორში ოპერაციის მიზნები მიღწეულია და მის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

ღაზის სექტორში მიმდინარე გამწვავება ყველაზე სერიოზულია 2021 წლის მაისის შემდეგ. მაშინ ორმხრივი დაბომბვა 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
არაბულ-ისრაელური დაპირისპირების გამწვავება ორშაბათიდან დაიწყო, როცა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე დააპატიმრეს “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი ლიდერი ბასამ ალ-საადი. მისი დაკავებისას, პალესტინისა და ისრაელის პოლიციებს შორის შეტაკება მოხდა, დაიღუპა არაბი მოზარდი.
“ისლამურმა ჯიჰადმა” განაცხადა, რომ თავისი ლიდერის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. “ისლამური ჯიჰადის” წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ეგვიპტე ისრაელთან დაჯგუფების ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს.

თავად ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პალესტინის ისლამური ჯიჰადის ორი ცნობილი წევრის გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლების თქმით, ისინი შეთანხმებას დაიცავენ თუ მოწინააღმდეგე ზავს არ დაარღვევს.

“საერთაშორისო ძალისხმევის შემდეგ და განცხადების ფონზე რომ ეგვიპტე იმუშავებს შეიხ ბასამ ალ-საადისა და ხალილ ავაუდეს გასათავისუფლებლად, ჩვენ “ისლამური ჯიჰადის” მოძრაობა პალესტინაში ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ. ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 11:30 დაიწყო და ამ შეთანხმებას დავიცავთ, თუ მას მტერი არ დაარღვევს,”-აცხადებს “ისლამური ჯიჰადის” წარმომადგენელი დავუდ შეჰაბი.

უსაფრთხოების ვითარების შეფასების შემდეგ, ისრაელმა კვლავ გახსნა გამშვები საგუშაგოები პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში.

როგორც ისრაელის შესაბამისი უწყება იტყობინება, გაიხსნა გამშვები საგუშაგო ერეცი და ტვირთის გამშვები პუნქტი კერემ შალომი. არსებული ცნობით, ღაზაში შევიდა საწვავით დატვირთული პირველი ავტომანქანა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება.

AFP-ის თანახმად, 8 აგვისტოს ამოქმედდა ღაზის სექტორში მოქმედი ერთადერთი ელექტროსადგური.

საზღვარი გაიხსნა სამდღიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ. გავრცელებული ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები ამ დროისთვის იცავენ.

ერთი კვირის წინ ისრაელის მიერ „ისლამური ჯიჰადის“ გაერთიანების მეთაურის დაპატიმრების შემდეგ, ისრაელმა დაკეტა გამშვები პუნქტები თავდასხმის საფრთხის გამო.

5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში “ისლამური ჯიჰადის” ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია “გარიჟრაჟი” დაიწყო. მედიის ცნობით, ღაზიდან ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვეს. დაშავდა 30-მდე ებრაელი.

„ისლამური ჯიჰადის“ ბაზებზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, ჯგუფის ორი მეთაური დაიღუპა.

შეგახსენებთ რომ ეგვიპტის შუამავლობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც ძალაში 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 23:30-ზე შევიდა, დაასრულა ისრაელსა და ღაზის სექტორში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ ჯიჰადს” შორის უკანასკნელი ესკალაცია. ოფიციალური პალესტინის განცხადებით, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button