მნიშვნელოვანისიახლეები

“ივანიშვილის განაჩენი” და “აგრესიული ლობისტური საქმიანობა”

13 ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საჭიროების შესახებ, საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მოხსენება ბიძინა ივანიშვილის განაჩენის ტოლფასია. განსხვავებულ პოზიციაზეა მმართველი გუნდი.

ოპოზიციის წევრები ბიძინა ივანიშვილს ურჩევენ, რომ თუ სურს პარტნიორები მხრიდან მისდამი დამოკიდებულება შეცვალოს, აუცილებელია, 8 მარტის შეთანხება ბოლომდე შეასრულოს.

“ეს მოხსენება არის განაჩენივით, პრაქტიკულად, მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე. წარმოუდგენელია ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. ძალიან ნათელია, ვის უჭერს მხარს დასავლეთი და ვის არ უჭერს მხარს. ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე.” – განაცხადა ევროპული “საქართველოს წევრმა” სერგი კაპანაძემ.

“ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი არის მოხსენიებული პირდაპირ, როგორც რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ნიშნავს ერთადერთ რამეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან ისეთ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას დასავლურ ორბიტაზე დააბრუნებს და ჩამოეხსნება რუსეთის რეგიონალურ გავლენის სფეროს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, კრიტიკული განცხადებები ყოველდღიურად ძლიერდება და ამაზე მმართველი პარტია უნდა დაფიქრდეს, თუ რა ნაბიჯების გამოა ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება განპირობებული.

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ცდილობენ ქვეყანას დაეხმარონ, რათა არ გადავიდეს რუსულ ვექტორზე. ვაშაძის შეფასებით, პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ კარგად გაიაზრონ, რასთან აქვთ საქმე. მისივე თქმით, ქვეყანას მართავს რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი “ქართული ოცნების” სახით.

მოისმინეთ “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძის, “ნაციონალური მოძრაობიდან” სალომე სამადაშვილის, პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიას და “ახალი საქართველოს ლიდერ გიორგი ვაშაძის კომენტარები.

როგორც ვიცე-სპიკერი, მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, კონგრესმენების ეს განცხადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.

“მე შემიძლია რუსეთისადმი ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც “ნაცმოძრაობამ” რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ხელი შეუწყვეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონგრესმენების ის ერთი წინადადება, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია,”- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის შეფასებით კი, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უკეთ შემფასებელი ქართველი ბრძენი ხალხია, ვინც მას 2012 წლიდან არჩევნებში ხმას აძლევს.

“ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებებს, მათ შორის კონგრესმენების განცხადებებსაც. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე კარგად შემფასებელი არის ის ქართველი ბრძენი ხალხი, რომელიც მას ყოველ წელს 2012 წლის შემდეგ ხმას აძლევს,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მოისმინეთ მმართველი გუნდიდან, სოფიო კილაძის და გია ვოლსკის განცხადებები.

შეგახსენებთ, 13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა. “ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.” – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში.

მსგავსი პოსტები

Back to top button