ივანიშვილის “ჰიპ-ჰოპი” და საპარლამენტი დებატები
“ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, საზოგადოებას აქვს კითხვები, რომლის დასმის შესაძლებლობაც დღეს პარლამენტში არ არის.
„მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ, როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე, იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს იმიტომ, რომ მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე სახლში გამოკეტილი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ელოდება პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა. ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა, მეტიც, ვადგენთ, რომ დღეს ამ დარბაზში შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს.“,- განაცხადა სამადაშვილმა.
“კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. ერთი “საქმე”, რაც მე ვნახე თქვენი გაკეთებული, ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რომელსაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით”, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს.
“ან ხელფასი მაინც გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთის, როგორც ეს “ქართული ოცნების” გუნდმა გააკეთა. რაღაცა მაინც გაგეკეთებინათ ქმედითი და აქტიური. ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის, რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ, როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი. რაღაცა მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მოუტანს სიკეთეს და არამხოლოდ საუბარი, რითაც ხართ დაკავებული, მათ შორის ეკლესიის ლანძღვა-გინებაც, რაც ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისივე თქმით, შეზღუდვები უმრავლესობასაც არ უხარია.
“რადგან შეზღუდვებს სჭირდება დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკაც ზარალდება, მაგრამ ჩვენ ამ შეზღუდვებით მოვახერხეთ და მოვახერხებთ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენას. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ადამიანი და ჩვენი მოქალაქე არის ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ქვეყანას ჰყავს, ამიტომ ყველა ერთად უნდა გავაერთიანდეთ პოზიციაც და ოპოზიციაც მოქალაქეების გადასარჩენად. მგონი, სწორ გზაზე ვდგავართ და გავაგრძელებთ სწორ გზაზე ყოფნას,” – განაცხადა დეპუტატმა.