მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილმა სააკაშვილის დიქრატორული რეჟიმი შეცვალა ბიძინა ოლიგარქი არარის-პრემიერი

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეოლიგარქიზაციის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრია.

დისკუსიის მოდერატორი ევროკავშირის რეკომენდაციებისა და მათ შორის დეოლიგარქიზაციის რეფორმის გატარების საკითხით დაინტერესდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ოლიგარქად საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ასახელებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და როდესაც საქართველო დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებს, სიმართლე გაირკვევა:

„რაკი დეოლიგარქიზაციაზე მეკითხებით, ჩვენ ავიღეთ უკრაინის გამოცდილება. როგორც იცით, უკრაინამ დაახლოებით ორი წლის წინ მიიღო ანალოგიური კანონი. მგონი, ბევრ ქვეყანას არ აქვს ამგვარი გამოცდილება და ამიტომ ავიღეთ უკრაინის მაგალითი. გავაგზავნეთ ის ვენეციის კომისიაში, მივიღეთ შეფასებები და ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა ჩვენ მიმართ ახლა ისმის გარკვეული კრიტიკა, რომ საქართველოს ახლა აღარ სჭირდება ეს კანონი, მაგრამ არ მესმის, ახლა რატომ აღარ გვჭირდება ეს კანონი, როცა ერთი წლის წინ გვჭირდებოდა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ… არ მინდა აქ ქართულ პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ რაკი მკითხეთ, თქვენი ინფორმაციისთვის, ოლიგარქია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი“.

„მეგონა სხვა ადამიანს გულისხმობდით, მაგრამ არა უშავს, გააგრძელეთ“, – გამოეხმაურა მას მოდერატორი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, „არ ვიცი, რას გულისხმობთ“.

მოდერატორმა დააზუსტა, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას ის გულისხმობდა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს:

„რატომ ფიქრობთ, რომ ის ოლიგარქია?“, – შეეპასუხა ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრი, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „მას ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ“.

„როდესაც ჩვენ ამ კანონს მივიღებთ, ყველაფერი გაირკვევა, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაგრძო, – ჩვენ ამ ბრალდებების დემისტიფიკაციას მოვახდენთ – უსაფუძვლო, არგუმენტებსა და ფაქტებს მოკლებული ბრალდებების. მაგრამ რაკი მკითხეთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ივანიშვილის როლზე, მან საქართველოსთვის უამრავი ქველმოქმედება გასწია და ამას აგიხსნით: ის არის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს მოიტანა ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც შეცვალა ბრუტალური, ვიტყოდი, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, როდესაც დემოკრატიის არანაირი ნიშანი არ არსებობდა – ადამიანებს ხოცავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ციხეებსა და ქუჩებში. არ არსებობდა თავისუფალი მედია, სამართლიანი სასამართლო, კანონი, არაფერი. ჩვენ უკანასკნელ 10 წელში დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულებას, აცხადებენ, რომ მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთობლივ ბრიფინგზე მათ ისაუბრეს 22-25 მაისის პერიოდში ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრების დეტალებზე.

“ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მსგავსი პოსტები

Back to top button