კადიროვის მუქარა და ქართველი პოლიტიკოსების პასუხი
“კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს”
“კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული.” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, რამზან კადიროვის განცხადებებზე შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
„პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
“ღირსების მქონე სახელმწიფო გასცემდა საკადრის პასუხს”
ოპოზიციის წევრები კი, აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს.
“როცა ხელისუფლება ასეთ აშკარა შემთხვევაში არ აძლევს თავის დროზე, არც ახლა საჯარო რეაქციას კადიროვის პირდაპირ მუქარას ჩვენი მოქალაქის პირდაპირ მკვლელობასთან დაკავშირებით და შურისძიებასთან დაკავშირებით “შეურაცხყოფისთვის”, როგორც მან თქვა. ასეთ დროს, როცა დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზეც კი არ ტეხ განგაშს, ეს ზრდის მომავალში მარტო გაბუნიასთვის კი არა, რომლის დაცვაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ვალდებულება იქნება, არამედ მომავალში, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის, მედიის წარმომადგენლისთვის ზრდის რისკებს, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა ასეთ რისკზე, რომ ტერაქტი ჩაიდინოს ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლებამ კადიროვს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს.
“ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქი-ბუქობს, რომ ეს მას რომ დაეგეგმა, კიდევაც შეასრულებდა და კიდევაც შეუსრულებია. ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის ქვეშევრდომი და ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე კავკასიაში. ღირსების მქონე სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს.” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, გამოძიების საბოლოო შედეგები გახდეს ცნობილი. პოლიტიკური და დიპლომატიური განცხადებები კი, მერე უნდა გაკეთდეს.
მოისმინეთ გიგა ბოკერიას, რომან გოცირიძის და დიმიტრი ცქიტიშვილის ხმები.
“აგრესიულ რიტორიკაში შესვლა არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს”
“აგრესიულ რიტორიკაში შესვლა არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეებთან და აი, ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ.” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ხელისუფლება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ჩვენ მსგავს საკითხებზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ვაყენებთ და რეაქციასაც ყოველთვის ვთხოვთ. ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არის მიმართული, მაგრამ ზოგადად აგრესიულ რიტორიკაში შესვლაც არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს და მისი თანმდევი შედეგები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხშირად გვინახავს. ამიტომ თუ ვინმეს მიზანია, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კი არ ვიმუშაოთ ასეთ საკითხებზე, არამედ ჩვენც ჩავერთოთ ამ აგრესიულ პოლიტიკაში, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, საფრთხეებთან და აი, ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ და არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის ნარატივში შევყვეთ და დავიწყოთ უშედეგო აგრესიული რიტორიკა, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგთან არანაირი შემხებლობა არ ექნება. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად, მყარად, კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში რატომ არ შემოდიხართო – ამ თემებში ჩაყოლას არ ვაპირებთ.“ – განაცხადა მდინარაძემ.
მოისმინეთ “ქართული ოცნებიდან” მამუკა მდინარაძის, გია ვოლსკის და კახა კალაძის განცხადებები.
“თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს”
ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.
“ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს. გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას.” – წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.